კრემლი ბაიდენს პასუხობს: "როგორც წესი, ულტიმატუმის ენით საუბარი ჩვენთვის მიუღებელია"
05/02/2021 12:17:21 მსოფლიო
კრემლში აშშ–ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის რუსეთის თაობაზე განცხადებას "აგრესიული და არაკონსტრუქციული" უწოდეს.
"სამწუხაროდ, ბაიდენის რიტორიკა აგრესიული და არაკონსტრუქციულია. როგორც წესი, ულტიმატუმის ენით საუბარი ჩვენთვის მიუღებელია", – განაცხადა კრემლის პრეს–სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.
აშშ–ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ რუსეთის ქმედებებს წინ მკაცრად აღუდგება.
როგორც აშშ–ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გააფრთხილა, რომ წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა შეერთებული შტატები რუსეთის მხრიდან აგრესიულ ქმედებებზე არ რეაგირებდა.
„მკაფიოდ ავუხსენი პრეზიდენტ პუტინს, ჩემი წინამორბედისგან ძალიან განსხვავებული მანერით, რომ წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა შეერთებული შტატები უმოქმედოდ ხვდებოდა რუსეთის აგრესიულ ქმედებებს - ჩვენს არჩევნებში ჩარევას, კიბერთავდასხმებს, საკუთარი მოქალაქეების მოწამვლას", – განაცხადა ბაიდენმა.
მან ასევე მოუწოდა რუსეთს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლონ.


