თამაზ ბათირაშვილი: მითები და რეალობა

05-02-2018 16:21:26 მულტიკულტურული საქართველო

საერთაშორისო მედია თარხან ბათირაშვილის (იგივე ომარ აშ–შიშანის) შემდეგ მისი უფროსი ძმით, თამაზ ბათირაშვილით დაინტერესდა.

როგორც ამერიკული გამოცემა«The Daily Beast» აღნიშნავს, ეს უკანასკნელი ბევრად უფრო მნიშვნელოვან ფიგურად ითვლება „ისლამური სახელმწიფოსთვის“ მისი სადაზვერვო ოპერაციებისა და სამხედრო სტრატეგიისთვის, ვიდრე ოდესმე ყოფილა მისი უმცროდი ძმა თარხანი. თამაზი დაზვერვასა და კონტრდაზვერვაზე, ასევე იმ ციხეებზეა პასუხისმგებელი, რომლებიც ჯიჰადისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მდებარეობს.

გამოცემა სტატიაში თამაზ ბათირაშვილის მიერ ჩეჩნეთის ომში მიღებულ გამოცდილებაზეც ამახვილებს ყურადღებას და დასტურად ბათირაშვილების მამისა და ყოფილი ქართველი სამხედროს ციტატებიც მოჰყავს. კერძოდ, როგორც ჟურნალისტებს ბათირაშვილების მამამ თემურმა უამბო, «სწორედ თამაზი იყო მთავარი მოქმედი პირი: სწორედ ის გაემგზავრა რუსებთან საომრად ჩეჩნეთის ომის დროს, იქცა გამოცდილ მეთაურად სამხედრო ოპერაციებში და სწორედ მისით იყვნენ დაინტერესებულები ყველაზე მეტად ქართული სპეცსამსახურები».

“თამაზი თარხანის მასწავლებელი გახლდათ. მან გროზნოში ბრძოლისას უდიდესი გამოცდილება შეიძინა და იქიდან ცოცხალი დაბრუნდა. თუმცა სირიაში თამაზი თავს არ იჩენს”, – აღნიშნა თემურ ბათირაშვილმა.

თავის მხრივ, ჟურნალისტები ყვებიან, რომ ორი წელი დახარჯეს, რათა რაიმე შეეტყოთ უმცროსი ძმის ჩრდილში მოქცეული თამაზ ბათირაშვილის შესახებ.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ქართული დაზვერვა საწყის ეტაპზე ომარ აშ-შიშანს პერსპექტიულად არ მიიჩნევდა. “ჩვენ ის მხოლოდ იმიტომ გადავიბირეთ, რომ მისი ძმა თამაზი და მისი მეგობრები გვაინტერესებდა — ნამდვილი «მგლები», გამოცდილი ჯარისკაცები და ჩეჩნეთის ომის ვეტერანები”, – უამბო ჟურნალისტებს ქართული არმიის ყოფილმა სამხედრომ.

ზემოაღნიშნულ შეფასებებს გადაჭარბებულად მიიჩნევს ჩეჩნეთის ომში თამაზ ბათირაშვილის ყოფილი თანამებრძოლი და ერთ–ერთი საველე მეთაური, რომელიც „აქცენტს“ ანონიმურობის დაცვის გარანტიით ესაუბრა.

„ჩეჩნეთის ომში ის 2002 თუ 2003 წელს შემოგვიერთდა, მაგრამ რომ გითხრათ, რომ უშუალოდ საბრძოლო ოპერაციების დაგეგმარებასა და განხორციელებაში იღებდა მონაწილეობას, ასე არ იყო. ძირითადად ტექნიკური საკითხები ევალა, მაგალითად ასაფეთქებელი მოწყობილობის აწყობა და ა. შ. ამდენად, დიდი საბრძოლო გამოცდილება არ მიუღია, თუმცა დიდი ხანია უკვე, სირიაშია და იქ დააგროვებდა შესაბამის გამოცდილებას. გამჭრიახი გონების პატრონიც არის. საქართველოდან წასვლისას მასზე მეტად გამოცდილი, ბუნებრივია, თარხანი იყო, ბოლოს და ბოლოს, მას ქართულ შეიარაღებულ ძალებში ჰქონდა წვრთნა გავლილი. რაც შეეხება თარხანის შემცვლელად მის შესაძლო დანიშნვას, თუ მაინცდამაინც ჩეჩენი უნდათ, შეიძლება, მართლაც დანიშნონ, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც თარხანის გვერდით თავიდანვე იბრძოდნენ, მათ შორის - ყაბარდოელი აბუ ჯიჰადი“,– ამბობს „აქცენტთან“ საუბრისას ჩეჩნეთის ომის ვეტერანი.

თამაზ ბათირაშვილთან დაკავშირებით ინფორმაცია მართლაც მწირია, თუმცა გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის პოსტსაბჭოთა სივრცეში პროპაგანდის ველზეა პასუხისმგებელი.

მისი, ასე ვთქვათ, წარმატებული „კარიერის“ შესახებ ცნობებს პროპაგანდის ნაწილად მიიჩნევს „აქცენტის“ კიდევ ერთი რესპონდენტი.

«თამაზს კავკასიიდან გადინებულ მებრძოლებზე აქვს გავლენა, თუმცა თავად „ისლამურ სახელმწიფოში“ არც ისე დიდი გავლენის მატარებელია, უბრალოდ კავკასიურ ფლანგს უნდა, წარმოაჩინოს, რომ თარხანის სრულფასოვანი შემცვლელია“ - ამბობს რესპონდენტი.

ახალი ამბების სააგენტო „აქცენტი“

ახალი ამბები

სხვა სიახლეები