საგარეო პოლიტიკის მიზნები, რომელთა განხორციელებასაც აშშ პირველ რიგში გეგმავს
05/02/2021 11:16:28 მსოფლიო
აშშ–ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საგარეო პოლიტიკის ის მიზნები დაასახელა, რომლის განხორციელებასაც ქვეყანა პირველ რიგში გეგმავს.
სახელმწიფო დეპარტამენტში სიტყვით გამოსვლისას ბაიდენმა აღნიშნა რუსეთთან და ჩინეთთან ახალ მიდგომებზე ისაუბრა; მან მიანმარის სამხედრო ლიდერებს გადატრიალების დასრულებისკენ მოუწოდა; პრეზიდენტმა თქვა, რომ აშშ აღარ დაუჭერს მხარს საუდის არაბეთის ქმედებებს იემენში. ბაიდენმა გერმანიიდან ამერიკელი ჯარისკაცების გამოყვანა შეაჩერა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ მიგრანტთა მიღებასთან დაკავშირებით უფრო ღია პოლიტიკა ექნება.
რუსეთი
ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ რუსეთის ქმედებებს წინ მკაცრად აღუდგება.
როგორც აშშ–ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გააფრთხილა, რომ წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა შეერთებული შტატები რუსეთის მხრიდან აგრესიულ ქმედებებზე არ რეაგირებდა.
„მკაფიოდ ავუხსენი პრეზიდენტ პუტინს, ჩემი წინამორბედისგან ძალიან განსხვავებული მანერით, რომ წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა შეერთებული შტატები უმოქმედოდ ხვდებოდა რუსეთის აგრესიულ ქმედებებს - ჩვენს არჩევნებში ჩარევას, კიბერთავდასხმებს, საკუთარი მოქალაქეების მოწამვლას", – განაცხადა ბაიდენმა.
მან ასევე მოუწოდა რუსეთს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლონ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი.
ჩინეთი
ჯო ბაიდენის განცხადებით, პეკინი, რომელიც სამხედრო სფეროს აძლიერებს და გლობალური გავლენის გაზრდას ცდილობს, აშშ-ის ყველაზე სერიოზული კონკურენტია.
„ჩვენ შევეწინააღმდეგებით ჩინეთის ეკონომიკურ პოლიტიკას, დავუპირისპირდებით მის აგრესიულ, ძალისმიერ ქმედებებს, რათა უკუვაგდოთ ჩინეთის თავდასხმა ადამიანის უფლებებზე, ინტელექტუალურ საკუთრებასა და გლობალურ მმართველობაზე, მაგრამ ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ პეკინთან, როდესაც ამერიკის ინტერესი იქნება ამის გაკეთება“, – განაცხადა ბაიდენმა.
გერმანიიდან აშშ–ის ჯარების გამოყვანის შეჩერება
აშშ–ის პრეზიდენტის თქმით, გერმანიიდან ამერიკელი ჯარისკაცების გამოყვანის პროცესი შეჩერდება.
"პროცესი შეჩერდება იმ დრომდე, ვიდრე თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსთინი აშშ-ის გლობალურ სამხედრო მდგომარეობაზე ვრცელ მიმოხილვას არ ჩაატარებს", – განაცხადა ბაიდენმა.
გასულ წელს აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განცხადა, რომ გერმანიიდან 9 500-მდე ჯარისკაცის გაყვანას გეგმავდა. გერმანიაში სადღეისოდ 34 500-მდე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება.
მიანმარი
ბაიდენის თქმით, შეერთებული შტატები მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად განიხილავს მიანმარის სამხედრო გადატრიალების საპასუხო ზომებს.
”ეჭვგარეშეა, რომ დემოკრატიის პირობებში ძალის გამოყენებით არასოდეს არ უნდა შეიცვალოს ხალხის ნება და სანდო არჩევნების შედეგები", – განაცხადა ბაიდენმა.
მანამდე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ თეთრი სახლი განიხილავს სანქციების დაწესების საკითხის იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებსაც სამხედრო გადატრიალებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ.
იემენი
ბაიდენის თქმით, აშშ აღარ დაუჭერს მხარს საუდის არაბეთის ქმედებებს იემენში.
"ომმა შექმნა ჰუმანიტარული და სტრატეგიული კატასტროფა. ეს ომი უნდა დასრულდეს”, – განაცხადა ბაიდენმა.
მიგრანტები
ბაიდენის განცხადებით, სურს, მომავალი ფისკალური წლის განმავლობაში მიგრანტთა ყოველწლიური მიღება 125 000-მდე გაიზარდოს, რაც 8–ჯერ აღემატება ბაიდენის წინამორბედის მიერ განსაზღვრულ შესაბამის მაჩვენებელს.
დონალდ ტრამპი მიიჩნევდა, რომ "მიგრანტები უსაფრთხოების კუთხით საფრთხეს წარმოადგენდნენ და მათზე რესურსები არ უნდა დაეხარჯათ".
"დრო სჭირდება, რომ აღვადგინოთ ის, რაც ასე ძალიან დაზიანდა. თუმცა სწორედ ეს არის, რასაც, უხლოეს მომავალში ვაპირებთ", – დასძინა ბაიდენმა.


