რას გაექცა საქართველოდან სირიაში 10 შვილის მამა

05-02-2017 16:14:53 მულტიკულტურული საქართველო

გუშინ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, უმარ მარგოშვილის დაღუპვის შესახებ გახდა ცნობილი. არსებული ინფორმაციით, დაახლოებით წელიწადნახევრის წინ იგი „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებს შეუერთდა და სირიაში საბრძოლო მოქმედებებს ემსხვერპლა.

საქართველოს სირიაში უკვე 20-ზე მეტი ახალგაზრდა მამაკაცი ჰყავს დაღუპული, მათ შორის - ისეთებიც, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ იდეებს კატეგორიულად არ იზიარებდნენ. თუმცა 39 წლის უმარ მარგოშვილის შემთხვევა განსაკუთრებით სამწუხაროა: მას საქართველოში 10 შვილი დარჩა. მისმა მეგობარმა «აქცენტს» მარგოშვილის ტრაგიკული წარსული და ისიც უამბო, თუ რამ დაატოვებინა საქართველო.

„სიმართლის მოყვარული, სამართლიანი და ძალიან პრინციპული ადამიანი იყო. პრობლემები სამართალდამცველებთან ლოპოტას ხეობის 2012 წლის ცნობილი სპეცოპერაციის საქმის გამოძიების ფარგლებში გაუჩნდა და ურთიერთობებიც დაეძაბა. მაშინ დაკითხვაზე ბევრი დაჰყავდათ და მათ შორის მარგოშვილიც. არ ვიცი, კონკრეტულად რას მოითხოვდნენ მისგან, მაგრამ ვიცი, რომ ამას ძალიან განიცდიდა. ხშირად მიწევდა მისი დამშვიდება. ვეუბნებოდი, თუ რამეს გკითხავენ და იცი, უპახუხე, თუ არადა გაჩუმდი–მეთქი, მაგრამ ამ ყველაფერს ძალიან ემოციურად ეკიდებოდა. მართლაც რთულია, როდესაც გექცევიან არა როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, არამედ როგორც უცხოს, არადა ამ ქვეყანასთან გაკავშირებს ყველაფერი, თუ კი რამ გაგაჩნია. გამომძიებლებთან საუბარი დაძაბული იყო. უთქვამს კიდეც მათთვის, რუსების საქმეს აკეთებთო. ამაზე გამომძიებლები გაღიზიანდნენ - ამას არ გაპატიებთო. ამის შემდეგ ხშირად იყო მუქარებიც და ა.შ. მორალურად ძალიან გადაიღალა. აქედან გაქცევა უნდოდა და სულერთი იყო, სად წავიდოდა. ჯერ საზღვრებზე არ გვატარებდნენ, შემდეგ კი მოგვცეს გადაადგილების უფლება. უმარმაც თქვა, წავალ, ბიჭებს ვნახავ, თორემ აქ შევიშლებიო და დაახლოებით წელიწადნახევრის წინ წავიდა სირიაში. ძალიან იმედგაცრუებული იყო. შემდეგ რა მოხდა, აღარ ვიცი, მაგრამ იქ დარჩენა გადაწყვიტა და ეს სამწუხარო ამბავიც მოხდა“,– ყვება „აქცენტთან“ საუბრისას მარგოშვილის მეგობარი.

ცნობისთვის: საქართველოს სირიაში დაღუპული მოქალაქეების რაოდენობამ 20–ს გადააჭარბა. მათი უმეტესობა პანკისის ხეობიდან იყო, თუმცა იყვნენ ასევე აჭარისა და ქვემო ქართლის მკვიდრნიც.

რამდენიმე დაღუპულის ვინაობა ცნობილია: 23 წლის რუსტამ გელაევი (აგვისტო 2012), 26 წლის ჰამზათ აჭიშვილი (ივლისი 2013), 36 წლის აბდულ-მალიქ მუთოშვილი (ივლისი 2013), 24 წლის ხალიდ აჭიშვილი (ოქტომბერი 2013), 36 წლის რუსლან მაჩალიკაშვილი (თებერვალი 2014), 18 წლის ბესო კუშტანაშვილი (სექტემბერი 2014), 22 წლის გურამ გუმაშვილი (ოქტომბერი 2014), 21 წლის ჯაბრაილ ცათიაშვილი (დეკემბერი 2014), 18 წლის ისრაფილ ცათიაშვილი (დეკემბერი 2014), 30 წლის ლევან ნაკაიძე (დეკემბერი2014), 24 წლის დავით სვიაკაური (თებერვალი 2015), 33 წლის იბრაჰიმ ცათიაშვილი (მაისი 2015), 23 წლის თურფალ ბორჩაშვილი (ივნისი 2015), 28 წლის ბესლან მუხტაროვი(დეკემბერი 2015), 22 წლის მუჰმად თურქოშვილი (იანვარი 2016), 24 წლის რამზან ფარეულიძე (იანვარი 2016), 22 წლის ხვიჩა გობაძე(იანვარი 2016), 38 წლის ვახა ბუგიევი (აპრილი 2016).

ორი დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია 22 წლის ასლანბეგ ბორჩაშვილის გარდაცვალების შესახებაც, თუმცა ოჯახი მას ჯერ არ არასტურებს.

ახალი ამბების სააგენტო „აქცენტი“

ახალი ამბები

სხვა სიახლეები