ხმა პანკისიდან

05-02-2018 16:11:46 მულტიკულტურული საქართველო

„კავკასიურმა სახლმა“ საჯარო დისკუსია ისლამს და მუსლიმურ თემს საქართველოში, კერძოდ კი მის ერთ-ერთ მიმდინარეობას, სალაფიზმს მიუძღრვნა. ღონისძიებაზე საუბარი სალაფიზმის ფორმირების ისტორიასთან ერთად პანკისის ხეობაში არსებულ ვითარებასა და ზოგადად სალაფიტების უფლებრივ მდგომარეობას შეეხო.

ღონისძიების მონაწილეებმა ხაზი ინტეგრაციის პრობლემასა და მუსლიმი თემის მიმართ დისკრიმინაციულ მიდგომებს გაუსვეს. მათი თქმით, ხშირ შემთხვევაში დისკრიმინაციის ექვემდებარებიან ზოგადად მუსლიმი თემი წარმომადგენლები, ხოლო თავად ამ მხრივ ორმაგ დისკრიმინაციას განიცდიან, რადგან საქართველოში სალაფიზმის მარგინალიზაციის მცდელობებს ვაწყდებით. ამასთან, თავად იმამმა ის გარემოებაც აღნიშნა, რომ უფლებრივი მდგომარეობის კუთხით საქართველოში არა საუკეთესო, მაგრამ რიგ ქვეყნებთან, მათ შორის, თუნდაც მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, უკეთესი ვითარებაა.

რაც შეეხება უშუალოდ ინტეგრაციის პრობლემებს, ადგილობრივმა მუსა პანკისელმა „აქცენტთან“ საუბრისას რამდენიმე გარემოებაზე გაამახვილა ყურადღება:

„თუნდაც ის, რომ გამოდის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი და ამბობს: „ჩვენთვის პრიორიტეტულია ტრადიციული ისლამი“, ანუ შენი ქვეყნის მოსახლეობას ყოფ პრიორიტეტულ და არაპრიორიტეტულ მოქალაქეებად, ეს დაუშვებელი მიდგომაა. ამასთან, სახელმწიფოს წარმომადგენლები, მინისტრები როდესაც ჩამოდიან ხეობაში, არ სურთ ჩვენთან შეხვედრა. შესაბამისად, ხდება იმ ახალგაზრდების დისკრიმინაცია, რომლებიც მივეკუვნებით, როგორც თავადვე უწოდებენ, ფუნდამენტურ ისლამს. ეს დამოკიდებულება შინაგანად იწვევს პროტესტს – რატომ არის ჩვენს მიმართ მსგავსი უსამართლო მიდგომა? ნუთუ ჩვენსავე ქვეყანაში მეორეხარისხოვანი მოქალაქეები ვართ და არ შეგვიძლია ვიცხოვროთ, როგორც სრულფასოვანიმა ადამიანებმა? იმის გამო, რომ მე წვერს ვატარებ, ან ჩემი მეუღლე ხიჯაბს, რატომ არ გვაქვს შესაძლებლობა რომელიმე სახელმწიფო დაწესებულების თანამშრომლები ვიყოთ, ან მასწავლებლები და ა.შ. ამ კუთხით რეალურად არსებობს პრობლემები და ეს ხელოვნური გაყოფა ძალიან ცუდია. მეტიც, ჩვენს ბავშვებს იმის გამო უქმნიან პედაგოგები პრობლემას, რომ სკოლაში ხიჯაბით დადიან – „ნუ მოდიხართ ხიჯაბითო“. როდესაც განათლების სამინისტროს არ აქვს მოთხოვნა და არ არის განსაზღვრული, თუ რა ფორმით უნდა მივიდეს მოსწავლე სკოლაში, პედაგოგს არ აქვს უფლება, საკუთარი გემოვნების საფუძველზე წამოაყენოს პრეტენზიები. ვაწყდებით სხვა სახის პრობლემებსაც, მაგალითად, არც ისე დიდი ხნის წინ ჩვენი გოგოები სამართალდამცველებმა მხოლოდ იმ საბაბით გააჩერეს და მეტიც, გაჩხრიკეს, რომ ისინი ატარებდნენ ხიჯაბს. ეს დაუშვებელი მიდგომაა. მე ყურადღებას ვამახვილებ იმ პრობლემებზე, რომლებსაც პანკისელები ვაწყდებით, თავად ქვეყანაში კი უფრო მასშტაბური პრობლემები გვაქვს – არ ჩამოვყვები წინწყაროს, მოხეს და სხვა ინციდენტებს, არ გვაძლევენ მეჩეთების კანონიერად აშენების უფლებას, არ შეგვიძლია ჩვენი რელიგიის შესწავლა. ამას წინათ საჯაროდ განაცხადეს, პანკისში მუსლიმ მრევლს მეჩეთები გადავეცითო. ძალიან მაინტერესებს რომელი მეჩეთის აშენებასა და გადაცემაზეა საუბარი. იმიტომ, რომ მე მანდ ვცხოვრობ და მსგავსი არაფერი მომხდარა. ყველა მეჩეთი შემოწირულობებით, ხალხის მიერ არის აშენებული და იმის უფლებასაც არ გვაძლევენ, რომ ეს მეჩეთები ოფიციალურად, იურიდიულად დავარეგისტრიროთ.

როდესაც შენ შენს ქვეყანაში არ შეგიძლია საკუთარი ადგილის პოვნა, არ გაძლევენ ამის უფლებას, გიწოდებენ მეორეხარისხოვან მოქალაქეს, კითხვა მაქვს, რა უნდა გააკეთო? ბუნებრივია, რომ პროტესტის გრძნობა გიჩნდება და ეძებ ადგილს, სადაც მსგავსი პრობლემები არ გექნება.

როდესაც საუბარია სხვა ქვეყნების ინტერესების ქვეშ მოქცევასა და მათი პოლიტიკის გატარებაზე, უკვე 200 წელია საქართველოში ვცხოვრობთ და მანახონ ერთი განცხადება მაინც, რომელიც მუქარის მსგავს რამეს შეიცავს, აღარ ვსაუბრობ კონკრეტულ ქმედებაზე და აქ არ ვგულისხმობ 90–იან წლებს, როდესაც მთლიანად ქვეყანაში კრიმინალი ბატონობდა“.

პანკისის სალაფიტური მეჩეთის იმამი ვახტანგ ფარეულიძე ამბობს, რომ ინტეგრაციის კუთხით ხეობისთვის ერთ–ერთ მნიშვნელოვან პრობლემას, პანკისთან მიმართებაში ტერორიზმის კონტექსტში არასწორი სტერეოტიპების ჩამოყალიბება ქმნის.

როგორც იმამი განმარტავს, ადგილობრივი სალაფიტების ტერორიზმთან დაკავშირება მსუბუქად რომ ვთქვათ უსამართლობაა, ხოლო სალაფიზმის ვაჰაბიზმთან დაკავშირება რაც, მისი თქმით, საქართველოში უკვე დამკვიდრებულ ტერმინად იქცა – უვიცობაა.

ერთ–ერთი სალაფიტი აბუ ჰუზეიფა კი აზუსტებს რამდენიმე დეტალს, რაც საქართველოში მცხოვრებ სალაფიტებს „ისლამური სახელმწიფოსგან“ მიჯნავს.

„ისლამური სახელმწიფო“ შესაძლოა, რაღაც ნაწილში ეფუძნებოდეს სალაფიტურ მოძღვრებას, მაგრამ არა სრულად. მათ უსაბუთოდ გაჰყავთ ადამიანი ისლამის ჩარჩოდან, უწოდებენ „ქაფირს“ [ურწმუნოს] და შემდეგ დასდევენ მოსაკლავად.

გარდა ამისა, ადამიანის მოკვლას ისლამში თავისი წინაპირობები აქვს. ომის დროსაც კი არ შეიძლება დაანგრიო ეკლესიები თუ სხვა რელიგიური სალოცავები; დაუშვებელია შეხვიდე სალოცავში და ამოხოცო მომლოცველები; არ შეიძლება დახოცო ბავშვები, ქალები და მოხუცები. რელიგია ამის უფლებას არანაირად არ გაძლევს, მაგრამ იქ მსგავსი ფაქტები დაფიქსირდა“,– ამბობს „აქცენტთან“ საუბრისას აბუ ჰუზეიფა.

შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ აუცილებელია მეტი კომუნიკაცია, საზოგადოების სწორი ინფორმირება და არა დაუსაბუთებელი შიშის თესვა, ხოლო დისკრიმინაციული მიდგომების აღმოფხვრა, ვინაიდან სახელმწიფოს ბედი ქვეყნის თითოეული მოქალაქის საზრუნავია, არ არსებობს მეორე რიგის მოთამაშე და ამის გაცნობიერება თავად სახელმწიფომაც უნდა დაიწყოს.

დიანა მუსელიანი

ახალი ამბები

სხვა სიახლეები