პესკოვი:“რეპრესიები არ ხდება!“ – პარალელურად-ნავალნის კიდევ ერთ ბრალდებას უმატებენ

05-02-2021 13:51:28 ანალიზი

ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერი აქციების შემდეგ, რომლებიც მოსკოვსა და სხვადასხვა ქალაქში იანვარ-თებერვალში გაიმართა, უამრავი ადამიანი ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაამწესეს. ასობით დაკავებულს სპეცმიმღებებში ანაწილებდენ, სადაც ელემენტარული პირობებიც კი არ არის. უფლებადამცველები ამ მოპყრობას წამებას უწოდებენ. როგორც დამოუკიდებელი რუსული მედია იუწყება, მოსკოვში გამართული აქციების შემდეგ დაკავებულები სოფელ სახაროვოში მდებარე უცხოეთის მოქალაქეებისთვის განკუთვნილ დროებითი მოთავსების ცენტრში გაამწესეს. ,,ავტოზაკები“ მრავალი საათის განმავლობაში რიგებში იდგნენ მანამ, სანამ ადამიანებს ამ ცენტრში მიიღებდნენ. ამ დროს პატიმრებს არც საკვები, არც წყალი არ ჰქონდათ, ბუნებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად მანქანებიდან გარეთ გასვლას მხოლოდ ხვეწნა-მუდარის შემდეგ ახერხებდნენ.

მსგავსი ამბავი გადახდა „მედიაზონის“ მთავარ რედაქტორ სერგეი სმირნოვსაც, რომელიც 4 თებერვალს „ტვიტერზე“ პოსტის გადაზიარების გამო 25 დღით დააკავეს. მისი „რეტვიტი“ ნავალნის მხარდასაჭერ აქციაში მონაწილეობის მოწოდებად ჩაითვალა და კი, რუსეთში არასანქცირებულ მიტინგზე გასვლისკენ მოწოდებას კრემლი კანონის ძალით სჯის. პოლიციის ავტობუსი, რომელშიც რუსული მედიის გავლენიანი წარმომადგენელი იმყოფებოდა, სპეცმიმღებთან რიგში 3 საათს იდგა. შემდეგ სმირნოვი და კიდევ 27 ადამიანი ოთახში განათავსეს, რომელიც 8 კაცზე იყო გათვლილი. პორტალმა „მედუზამ“ გაავრცელა იმ საკნის ფოტოები, სადაც კარგად ჩანს, თუ რა პირობებში იმყოფებოდნენ აქციების მონაწილეები.

ამ აქციებზე მოქალაქეების მასშტაბური დაკავების თემის კომენტირება პესკოვს მოუწია. Дождь -მა ჰკითხა მას ჟურნალისტ სერგეი სმირნოვის 25-დღიანი პატიმრობისა და აბსურდული ბრალდების თაობაზე – მან ხომ მხოლოდ ჯგუფ „ტარაკნების“ სოლისტის ,,ტვიტი,, გააზიარა. პესკოვმა განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტყილების შეფასების უფლება არ აქვს. Эхо Москвы-ს ჟურნალისტის კითხვაზე კი, რაც ახალი რუსეთის ისტორიაში ამ ყველაზე მასშტაბურ რეპრესიებს ეხებოდა, რომელსაც პენიტენციური სისტემაც კი ვერ უძლებს, პესკოვმა მიუგო – „არანაირი რეპრესიები არ ხდება.“

ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერი მასშტაბური აქციები 23 და 31 იანვარს მისი სამშობლოში დაბრუნებისა და დაპატიმრების შემდეგ გაიმართა. კრემლი არა მხოლოდ პოლიციით, სპეცრაზმითა და გვარდიით ცდილობს პროტესტის ჩახშობას. 23 იანვრის აქციის წინ რუსულმა რეპრესიულმა უწყებამ „როსკომნადზორმა“ სხვადასხვა სოციალურ ქსელს, მათ შორის, TikTok-სა и ВКонтакте-ს აქციებზე გამოსვლის მოწოდებების წაშლა უბრძანა. 31 იანვრის აქციის წინ კი ამავე უწყებაში ამ სოციალური ქსელების წარმომადგენლები დაიბარეს. „როსკომნადზორი“-ს მესვეურები აცხადებდნენ, რომ სოციალურ ქსელებს 800 ათასიდან 4 მილიონამდე რუბლით დააჯარიმებდნენ, თუ კი ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდებოდა.

იმას, რომ კრემლი თავისუფალი სიტყვისა და ნების გამოხატვას კომპლექსურად ებრძვის, ისიც ცხადყოფს, რომ ფედერაციის საბჭოს ინფორმაციული პოლიტიკისა და მედიასთან ურთიერთობის კომისიამ სახელმწიფოს შესთავაზა, „უკანონო აქციებში მონაწილეობის მოწოდებებისთვის“ სოციალური ქსელების ბლოკირება მოხდეს. როგორც ამ კომისიის ხელმძღვანელმა, ალექსეი პუშკოვმა განაცხადა, აუცილებელია, სოცქსელებისთვის სასჯელის შემოღება დაწესდეს. ეს შეიძლება, იყოს როგორც ადმინისტრაციული ჯარიმები, ისევე „ინტერნეტ-პლატფორმების დროებითი ან მუდმივი ბლოკირება“. ანუ, მოდით, უბრალოდ გამოვურთოთ ყველას TikTok ან Facebook-იო. სხვათა შორის, TikTok-ის გამოყენება რუსეთში ბოლო პერიოდია, ძალიან აქტიურად სწორედ საპროტესტო განწყობების გამოსახატავად დაიწყეს. ფაქტია, კრემლს სურს, ნავალნისა და მის მხარდამჭერებს ბოლომდე გაუსწორდეს და უკვე მუხრუჭების არსებობაც კი დაივიწყა. გუშინ ცნობილი გახდა, რომ მას კიდევ მეორე ბრალდებაც დაუმატეს. ამჯერად, სასამართლომ ცილისწამების საქმეზე უნდა იმსჯელოს, რომელიც ოპოზიციონერს გარანტირებულად 2 წლამდე პატიმრობას მოუტანს.

/ლანა კაშია

ახალი ამბები

სხვა სიახლეები