ბორელი – ლავროვს: „დუმილის კედლის აღმართვა გამოსავალი არ არის“
05/02/2021 09:34:34 მსოფლიო
რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები რთულა, თუმცა დუმილის კედლის აღმართვა გამოსავალი არ არის, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან შეხვედრის დაწყებისას განაცხადა.
ამ კონტექსტში მან რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის საქმე ახსენა.
„ჩვენი ურთიერთობები ახლა უკიდურესად დაძაბულია და ამის ერთ-ერთი მიზეზი ნავალნის საქმეა. ჩვენ დაკავშირებული ვართ არა მხოლოდ გეოგრაფიით, არამედ კულტურული, ისტორიული და ეკონომიკური კავშირების ფართო სპექტრით. ჩვენს შორის აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, დუმილის კედლის აღმართვა გამოსავალი არ არის და თქვენს მოწვევაზე საპასუხოდ ჩემი ვიზიტი შესაძლებლობაა, განვიხილოთ ყველაფერი, რაც ჩვენს შორის მნიშვნელოვანია, რაც გვადარდებს და რაც სასარგებლოა უკეთესი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად“, – განაცხადა ბორელმა.
თავის მხრივ ლავროვმა აღნიშნა, რომ ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობების დეტალური და გულწრფელი მიმოხილვის აუცილებლობა დიდი ხანია „გადამწიფდა“.
„რა თქმა უნდა, ჩვენს წინაშე არსებული მთავარი პრობლემა ევრაზიულ სივრცეში უმსხვილეს მოთამაშეებს, რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში ნორმალურობის არსებობა. ეს რა თქმა უნდა, არაჯანსაღი ვითარებაა, რომელსაც სარგებელი არავისთვის მოაქვს“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.


