Accentnews.ge
ბრიტანელი ექიმების თქმით, კვირაში 100–მდე ბავშვია ჰოსპიტალიზებული, რომელთაც პოსტ-კოვიდურ პერიოდში PIMS განუვითარდათ

ბრიტანელი ექიმების თქმით, კვირაში 100–მდე ბავშვია ჰოსპიტალიზებული, რომელთაც პოსტ-კოვიდურ პერიოდში PIMS განუვითარდათ

05/02/2021 08:26:44 მსოფლიო

ბრიტანელი ექიმების განცხადებით, ერთი კვირის განმავლობაში 100–მდე ბავშვია ჰოსპიტალიზებული, რომელთაც პოსტ-კოვიდურ პერიოდში​ მრავალსისტემური ანთებითი სინდრომი (PIMS) განუვითარდათ.

მათივე ცნობით, ჰოსპიტალიზებული ბავშვების უმეტესობა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობას საჭიროებს.

როგორც ექიმები აცხადებენ, იმ ბავშვთა 75%, რომლებშიც PIMS მწვავედ მიმდინარეობს, შავკანიანი, აზიური წარმოშობის ან ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელია (BAME). ჰოსპიტალიზებული ყოველი 5 ბავშვიდან ოთხს კოვიდ–ინფიცირებამდე ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა არ ჰქონია.

PIMS–ის ძირითადი სიმპტომები

PIMS–ის დიაგნოზის მქონე ბავშვების საშუალო ასაკი 11 წელია. ზოგადად PIMS–ით დაავადებული ბავშვების ასაკი 8–დან 14 წლამდე მერყევობს; იმ ბავშვთა ორი მესამედი (67%), რომელთაც დაავადება დაუდასტურდათ ბიჭები იყვნენ;

PIMS–ის ძირითადი სიმპტომები გამონაყარი, მაღალი ტემპერატურა, მაღალი არტერიული წნევა და მუცლის პრობლემებია; გამწვავებულ შემთხვევაში მისი სიმპტომები ტოქსიკური შოკის მსგავსია.

ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოხვედრილი ყოველი 4 ბავშვიდან ერთს გულის პრობლემა, კერძოდ, კორონარული არტერიის გაფართოება განუვითარდა.

რას უკავშირებენ ექიმები PIMS–ით დიაგნოზით ბავშვთა რაოდენობის ზრდას

როგორც ბრიტანელი ექიმები აცხადებენ, PIMS ბავშვებში პანდემიის პირველი ტალღის დროსაც დაფიქსირდა, თუმცა, მათი თქმით, სადღეისოდ PIMS უფრო მეტ ბავშვს უდასტურდება, ვიდრე ეს პირველი ტალღის დროს იყო. მაგალითად, თუ სადღეისოდ კვირაში დაახლოებით 100 ბავშვია ჰოსპიტალიზებული PIMS–ის დიაგნოზით, 2020 წლის აპრილში ეს მაჩვენებელი 30–მდე იყო.

ბრიტანელი ექიმების თქმით, 2021 წლის იანვრიდან PIMS–ით დღეში 12-დან 15-მდე ბავშვი ავადდება. შემთხვევების უმეტესობა გაერთიანებული სამეფოს იმ ტერიტორიებზე მოდის, მათ შორის ლონდონში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში, სადაც Covid–19–ის ბრიტანულმა შტამმა კოვიდ–ინფიცირებულთა მკვეთრი ზრდა გამოიწვია.

როგორც ლონდონის საიმპერიო კოლეჯის ბავშვთა განყოფილების კლინიკურმა დირექტორმა ჰერმიონ ლიალმა განაცხადა, ინტენსიურ თერაპიის განყოფილებაში PIMS–ის დიაგნოზით მყოფი ბავშვების 47% აფრო – კარიბიული წარმოშობის იყო, 28% – აზიურის.

ლონდონის საიმპერიო კოლეჯის ექიმის ლიზ უიტაკერის განცხადებით, ამჟამად იკვლევენ, რატომ მიმდინარეობს PIMS მწვავედ BAME–ს ჯგუფის ბავშვებში.

”ცხადია, ახლა საჭიროა სასწრაფო გამოძიება რათა დადგინდეს, რატომ არიან BAME–ს ჯგუფის ბავშვები უფრო მეტად მოწყვლადები PIMS– ით მიმართ", – აცხადებს კიდევ ერთი ბრიტანელი მეცნიერი ჰაბიბ ნაქვი.

ბრიტანელი ექიმები ბავშვების მშობლებს სიმშვიდისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ ბავშვების ჰოსპიტალიზება ზოგადად ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდასთან შეფარდებით პროპორციულია.

"ინტენსიური თერაპიის განყოფილებები სრულ მზადყოფნაშია. მეორე ტალღის დროს უფრო ნაკლებად მიდის საქმე იქამდე, რომ ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდეს, რადგან ადრეულ ეტაპზევე ხდება დაავადების გამოვლენა და მკურნალობა", – აცხადებენ ბრიტანელი ექიმები.

ცნობისთვის: მსოფლიოში Covid-19–ის უკვე ბევრი მუტირებული სახეობა მათ შორის, ბრიტანული და სამხრეთ აფრიკული შტამები ცირკულირებს. მეცნიერების განცხადებით, ახალი ვარიანტები უფრო მეტად გავრცელებადია. ამასთან, სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ისინი უფრო მეტად მომაკვდინებელნიც იყვნენ. მათივე ვარაუდით, ბრიტანული სახეობის მიმართ ყველაზე მოწყვლადები ბავშვები არიან.

როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სწრაფი ვაქცინაციის პროცესი, რათა Covid-19–ის მუტაცია შეზღუდონ. მათი თქმით, თუ ფართო ვაქცინაციით შეაჩერებენ ვირუსის გამრავლებას, იგი მუტაციას ვეღარ განიცდის.

კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 2020 წლის დეკემბრიდან მიმდინარეობს. მდიდარმა ქვეყნებმა, სადაც მსოფლიო მოსახლეობის 14% ცხოვრობს, წარმოებული ვაქცინების 50%–ზე მეტი დაირეზერვეს. იმის გამო, რომ ეფექტურ და უსაფრთხო ვაქცინებზე მოთხოვნა ძალიან მაღალია, ხოლო წარმოების შესაძლებლობები მოთხოვნის სწარაფად დაკმაყოფილებას ვერ ახერხებენ, ვარაუდობენ, რომ განვითარებად და ღარიბ ქვეყნებში მასობრივი იმუნიზაცია შესაძლოა, 2023 წლამდე არ იქნება მიღწეული.

მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 105 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 105 457 587 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 2 295 576 ადამიანი იმსხვერპლა. 77 158 682 დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

რაც შეეხება საქართველოს, უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 261 018 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 252 246 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 258 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S