ლეხ ვალენსამ ალექსეი ნავალნი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინა
05/02/2021 06:02:04 მსოფლიო
პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატმა ლეხ ვალენსამ ამავე პრემიაზე რუსი ოპოზიციონერი, პატიმრობაში მყოფი ალექსეი ნავალნი წარადგინა.
პოლონური მედიის ცნობით, ნობელის კომიტეტისადმი მიმართვაში ლეხ ვალენსა ხაზს უსვამს ალექსეი ნავალნის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია რუსეთში არსებული კორუფციის გამოაშკარავების და გამოხატვის თავისუფლების დაცვისკენ. ვალენსა აღნიშნავს, რომ ნავალნი წინააღმდეგობას უწევს რუსეთში არსებულ რეჟიმს, რომელიც სულ უფრო ავტორიტარული ხდება.
„ბატონი ნავალნი დღეს იბრძვის ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ და დემოკრატიის იდეალების, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლების და კანონის უზენაესობისთვის ისევე, როგორც რამდენიმე ათეული წლის წინ მე ვიბრძოდი კომუნისტურ პოლოენთში“, - წერს ლეხ ვალენსა, რომელსაც ნობელის მშვიდობია პრემია 1983 წელს მიენიჭა.
რუსი ოპოზიციონერი, „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დამაარსებელი ალექსეი ნავალნი, რომელიც გასული წლის აგვისტოს ბოლოს, რუსეთში მოწამლეს „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნივთიერებით, გერმანიაში ოთხთვიანი მკურნალობის შემდეგ მოსკოვში 17 იანვარს დაბრუნდა. ნავალნი აეროპორტშივე დააკავეს, 2 თებერვალს კი, მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ ე.წ. „ივ როშეს“ საქმეზე თაღლითობის ბრალდებით შეფარდებული პირობითი სასჯელი რეალური პატიმრობით შეუცვალა და 2,5 წლით გაგზავნა საერთო რეჟიმის კოლონიაში. ბოლო დღეებში, პოლიციამ და ეროვნულმა გვარდიამ რუსეთის ქალაქებში არაერთხელ დაარბიეს ნავალნის მხარდამჭერთა აქციები და 10 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.


