„დასრულდა დღეები, როცა აშშ რუსეთის აგრესიულ ქედებებზე თვალს ხუჭავდა“
04/02/2021 20:20:47 მსოფლიო
აშშ–ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მისი წინამორბედისგან განსხვავებით, რუსეთის ქმედებებს წინ მკაცრად აღუდგება.
როგორც ბაიდენმა აღნიშნა, მან რუს კოლეგას ვლადიმირ პუტინს უთხრა, რომ დასრულდა დღეები, როდესაც აშშ რუსეთის აგრესიულ ქედებებზე თვალს ხუჭავდა. ამ კონტექსტში მან ახსენა აშშ–ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევა, ხაკერული კიბერშეტევები და ა.შ.
„ჩვენ უყოყმანოდ ვაიძულებთ რუსეთს, გადაიხადოს და დავიცვათ ჩვენი ხალხის სასიცოცხლო ინტერესები. ჩვენ მეტად ეფექტურები ვიქნებით რუსეთთან მიმართებაში, როდესაც კოალიციაში პარტნიორ თანამოაზრეებთან ერთად ვიმუშავებთ“,– განაცხადა ბაიდენმა.
მანამდე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ახალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის კურსი აშშ-ს საშუალებას მისცემს, რუსეთს უფრო ეფექტურად დაუპირისპირდეს.
„შევძლებთ, რუსეთს უფრო ეფექტურად გავუწიოთ წინააღმდეგობა. უკეთ მომზადებული ვიქნებით იმისთვის, რომ ისეთ საფრთხეებს გავუმკლავდეთ, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, პანდემია და ბირთვული იარაღის გავრცელება“, - აღნიშნა ჯეიკ სალივანმა.
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის თქმით, წინა ადმინისტრაციისგან განსხვავებით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთს მავნე ქმედებებისთვის პასუხს აგებინებს.
„ეს მავნე ქმედებები მოიცავს ამერიკულ დემოკრატიაში ჩარევას, ევროპაში ქიმიური იარაღით ხალხის მოწამლვას, კიბერშეტევებსა და ბევრ სხვა რამეს“, - დასძინა სალივანმა.


