რა პოზიცია აქვთ NCDC-ში რუსულ ვაქცინასთან მიმართებაში
04/02/2021 12:44:08 პოლიტიკა, საზოგადოება
საქართველოში რუსულ ვაქცინასთან დაკავშირებით, მაგალითად, უკრაინის მსგავსი აკრძალვები არ იგეგმება, მთავარი პირობაა, ის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იყოს აღიარებული. ამ თემაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა. ჟურნალისტი დაინტერესდა, ჯანმო–ს მიერ „ვიზირების“ შემთხვევაში, განიხილავს თუ არა თბილისი ქვეყანაში რუსული ვაქცინის შემოტანას.
ინფორმაციისთვის: უკრაინის პარლამენტის წევრებმა დიდი უმრავლესობით მისცეს ხმა აკრძალვას რუსეთის მიერ წარმოებული ვაქცინების დამტკიცებაზე.
„საქართველო შემოიტანს იმ ვაქცინას, რომელიც ჩვენთვის ყველაზე ხელსაყრელი იქნება. და უნდა იყოს ერთი აუცილებელი პირობა: ვაქცინა უნდა იყოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ სადღეისოდ აღიარებულია „ფაიზერი“ და დაგეგმილია, რომ პირველ ეტაპზე ის შემოვიდეს (სადღაც თებერვლის მეორე ნახევრიდან ველოდებით). მეორე იქნება „ასტრაზენეკას“ ვაქცინა, რომელსაც მარტიდან ველოდებით. თუ სხვა ვაქცინებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აღიარებს და თუ იქნება ხელსაყრელი ქვეყნისთვის, რატომ არ უნდა შემოვიტანოთ? მერე ეს ჩინური ვაქცინა იქნება, რუსული...ძალიან საინტერესოა, ზოგიერთები აცხადებენ, „ამდენი ქვეყანა იცრებაო“, მერე აღარ აყოლებენ, ვინ რითი იცრება. მაგალითად, ჩვენი მეზობელი თურქეთი, აზერბაიჯანი ჩინური ვაქცინით იცრება. ერთხელ წამოგვცდა, „ჩინური ვაქცინა შესაძლოა, განვიხილოთ–მეთქი“ – რა ამბავი ატყდა!“,– ამგვარად უპასუხა იმნაძემ რუსული ვაქცინის შესახებ დასმულ კითხვას.
მისი თქმით, მოგვიანებით ვაქცინაციის პროცესში კერძო სექტორიც ჩაერთვება:
„შემდეგ დადგება დრო, როდესაც კერძო სექტორსაც შეეძლება, შემოიტანოს. ზოგს ერთი მოსწონს, ზოგს მეორე, არჩევანის საშუალებაც იქნება. [...]
კოვაქსზეც იმ პირობით აქვს საქართველოს 4 მილიონზე მეტი გადახდილი, რომ შეძლოს არჩევა. იქნება ორმხრივი მოლაპარაკებებიც. კორეის ელჩთან გვქონდა ცოტა ხნის წინ მოლაპარაკება. საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს სხვადასხვა ქვეყნებთან, რომ დამატებით მოვიზიდო ვაქცინები. ბაზარზე მეტი ვაქცინა გამოჩნდება, მეტი მიიღებს ჯანმო–ს აღიარებას“.
ინფორმაციისთვის: „კოვაქს პლატფორმა” მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ბაზაზე შექმნილი მექანიზმია, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ქვეყნებისთვის ვაქცინის თანაბარი ხელმისაწვდომობა.
რატომ არ რუსული ვაქცინას?
ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ, რომელიც ამჟამად ჯგუფის წევრია, რომელიც ქვეყანაში ვაქცინის შემოტანაზე მუშაობს, დარწმუნებულია, რომ რუსული ვაქცინა პროპაგანდის მიზნით იქნება გამოყენებული:
„ჩემი პირადი აზრია და ვფიქრობ, ბევრი ჩვენი თანამოქალაქე იზიარებს, რომ სულ რომ უმაღლსი სტანდარტის სერთიფიკაცია მიიღოს რუსულმა ვაქცინამ, საქართველომ ის არ უნდა შემოიტანოს: მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდის მიზნით იქნება გამოყენებული. რუსულ ვაქცნასთან მიმართებაში უამრავი ალტერნატივა იარსებებს. ის მოქალაქეობრივად და პოლიტიკურად არ უნდა შემოვიტანოთ. დანარჩენ ვაქცინებზე კი ... დღეს ძალიან პირობითია ჩინურ და ამერიკული: ამერიკული პროდუქტი ჩინეთში იწარმოება და პირიქით. ყველაზე მნიშვნელოვანია, გამჭვირვალე მონაცემები გვქონდეს და ხარისხსის კონტროლის დამოუკიდებელი ორგანოების ავტორზაცია ჰქონდეთ“.


