კანადა, რომელსაც ერთი ადამიანის 10–ჯერ აცრისთვის საჭირო ვაქცინის დოზა უკვე შეძენილი აქვს, Pfizer/BioNTech–ის ვაქცინის დიდ რაოდენობას "კოვაქსიდანაც" მიიღებს
04/02/2021 06:55:42 მსოფლიო
კანადა, რომელსაც ერთი ადამიანის 10–ჯერ აცრისთვის საჭირო ვაქცინის დოზა უკვე შეძენილი აქვს, Pfizer/BioNTech–ის ვაქცინის დიდ რაოდენობას "კოვაქსიდანაც" მიიღებს "კოვაქსის" პლატფორმიდანაც მიიღებს.
კერძოდ, "კოვაქსის" პროგნოზით, კანადა პლატფორმის მეშვეობით ვაქცინის 1 903 200 დოზას (ყველა დოზა Pfizer/BioNTech–ის ვაქცინაა) მიიღებს.
"კოვაქსის" პლატფორმა, რომლის ინიციატორიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაა, მსოფლიოში ვაქცინების სამართლიანი გადანაწილების ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა. „კოვაქსის“ მექანიზმით, დაგეგმილია Oxford/AstraZeneca–სა და Pfizer/BioNTech–ის ვაქცინების 330 მილიონი დოზის მიწოდება მსოფლიოს 145 ქვეყნისთვის. „კოვაქსის“ პროგნოზით, ქვეყნეებში ვაქცინების დისტრიბუცია ივნისამდე უნდა დასრულდეს. თითოეულ ქვეყანაში სავარაუდოდ, მოსახლეობის 3,3 პროცენტი აიცრება.
პლატფორმის ოფიციალური წევრობა ამარტივებს ვაქცინების პირდაპირ მიწოდებას მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში. "კოვაქსის" წევრ ქვეყნებში საქართველოცაა.
კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 2020 წლის დეკემბრიდან მიმდინარეობს. მდიდარმა ქვეყნებმა, სადაც მსოფლიო მოსახლეობის 14% ცხოვრობს, წარმოებული ვაქცინების 50%–ზე მეტი დაირეზერვეს. იმის გამო, რომ ეფექტურ და უსაფრთხო ვაქცინებზე მოთხოვნა ძალიან მაღალია, ხოლო წარმოების შესაძლებლობები მოთხოვნის სწარაფად დაკმაყოფილებას ვერ ახერხებენ, ვარაუდობენ, რომ განვითარებად და ღარიბ ქვეყნებში მასობრივი იმუნიზაცია შესაძლოა, 2023 წლამდე არ იქნება მიღწეული.
ცნობისთვის: მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 104 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 104 911 245 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 2 278 587ადამიანი იმსხვერპლა. 76 653 010 დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.
რაც შეეხება საქართველოს, უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 260 480 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 251 748 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 240 გარდაიცვალა.


