„კოვაქსის“ პროგნოზი – კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის რამდენ დოზას მიიღებს საქართველო
04/02/2021 06:24:52 საზოგადოება
„კოვაქსმა“ კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინების განაწილების პროგნოზი გამოაქვეყნა.
ოფიციალურ ვებ–გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, წინასწარი პროგნოზით, საქართველო „კოვაქსის“ მეშვეობით ვაქცინის 214 050 დოზას მიიღებს. აქედან,
- Oxford/AstraZeneca – 184 800 დოზა;
- Pfizer/BioNTech – 29 250 დოზა;
რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, აზერბაიჯანი ვაქცინის 506 400 დოზას მიიღებს (ყველა დოზა Oxford/AstraZeneca–ს ვაქცინაა) ; სომხეთი – 146,400 დოზას (ყველა დოზა Oxford/AstraZeneca–ს ვაქცინაა).
ვაქცინების მიწოდება თებერვლიდან დაიწყება.
"კოვაქსის" პლატფორმა, რომლის ინიციატორიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაა, მსოფლიოში ვაქცინების სამართლიანი გადანაწილების ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა. „კოვაქსის“ მექანიზმით, დაგეგმილია Oxford/AstraZeneca–სა და Pfizer/BioNTech–ის ვაქცინების 330 მილიონი დოზის მიწოდება მსოფლიოს 145 ქვეყნისთვის. „კოვაქსის“ პროგნოზით, ქვეყნეებში ვაქცინების დისტრიბუცია ივნისამდე უნდა დასრულდეს. თითოეულ ქვეყანაში სავარაუდოდ, მოსახლეობის 3,3 პროცენტი აიცრება.
ცნობისთვის: მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 104 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 104 911 245 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 2 278 587ადამიანი იმსხვერპლა. 76 653 010 დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.
რაც შეეხება საქართველოს, უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 259 897 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 251 077 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 221 გარდაიცვალა.


