ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე გულშემატკივრებს ყვირილსა და სიმღერას აუკრძალავენ
04/02/2021 05:37:54 მსოფლიო
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა შეათანხმეს ქცევის წესები, რომლებითაც ოლიმპიადის მონაწილე სპორტული დელეგაციების წევრებმა და გულშემატკივრებმა უნდა იხელმძღვანელონ.
გადაწყვეტილების თანახმად, სპორტსმენებმა იაპონიაში გამგაზვრებამდე ორჯერ უნდა წარმოადგინონ კორონავირუსის ტესტზე უარყოფითი შედეგის დამადასტურებელი ცნობა: პირველად ტოკიოში გაფრენამდე ორი კვირით ადრე, მეორედ - სამი დღით ადრე. უშუალოდ ოლიმპიური თამაშებისას კი, ადგილობრივ ჯანდაცვის სამსახურებს სპეციალური მობილური აპლიკაციების გამოყენებით რეგულარულად უნდა მიაწოდონ ამომწურავი ინფორმაცია თავიანთი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ოლიმპიური სოფლის მაცხოვრებლებმა ერთმანეთთან ფიზიკური კონტაქტისგან მაქსიმალურად უნდა შეიკავონ თავი და მკაცრად დაიცვან ორმეტრიანი დისტანცია.
მკაცრი შეზღუდვა დაუწესდათ გულშემატკივრებსაც. კერძოდ, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე დამსწრეთ სპორტსმენთა მხარდაჭერა მხოლოდ აპლოდისმენტებით შეეძლებათ. კორონავირუსის გამო აკრძალული იქნება ტრიბუნებზე ყვირილი და სიმღერა.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ცნობით, ეს ქცევის წესების საბოლოო ვარიანტი არ არის და ცვლილებებს კიდევ უნდა ველოდოთ.
ტოკიომ ოლიმპიურ თამაშებს 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით უნდა უმასპინძლოს.


