რატომ დაუდასტურდა კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი ადამიანების ნაწილს კორონავირუსი აცრის შემდეგ
03/02/2021 21:04:51 საზოგადოება
მსოფლიოში დღემდე შექმნილი არც ერთი ვაქცინა არ უზრუნველყოფს 100%–იან და დაუყოვნებლივ დაცვას. რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანი Covid-19–ით შესაძლოა, აცრის შემდეგაც დაინფიცირდეს, თუმცა მაღალ–ეფექტური და უსაფრთხო ვაქცინის გაკეთების შემთხვევაში ეს რისკი მნიშვნელოვნადაა შემცირებული.
ქვეყნებში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 2020 წლის დეკემბრიდან მიმდინარეობს. პირველი ვაქცინები ("Pfizer and BioNTech"–ისა და "Moderna"–ს ვაქცინები), რომელთა გამოყენებაც დამტკიცდა, დასავლეთში შექმნილი პრეპარატებია. როგორც მათი მწარმოებელი კომპანიები აცხადებენ, ვაქცინებმა 90%–ზე მაღალი ეფექტიანობა აჩვენეს. სადღეისოდ სხვადასხვა ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი სხვადასხვა ვაქცინებით, მათ შორის ჩინური და რუსული ვაქცინებით მიმდინარეობს. პარალელურად, იშვიათ შემთხვევაში, მაგრამ მაინც, ფიქსირდება იმ პირების კოვიდ–ინფიცირების ფაქტები, რომლებმაც კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთეს. აღნიშნულს სპეციალისტები შემდეგი მიზეზებით ხსნიან:
- ვაქცინის გაკეთების შემდეგ გარკვეული პერიოდი უნდა გავიდეს, რომ ადამიანის სხეულში ანტისხეულები გამომუშავდეს. აღნიშნულს დაახლოებით 10–14 დღე სჭირდება.
- გამომდინარე იქედან, რომ ვაქცინა 100%–იან და დაუყოვნებლივ დაცვას არ უზრუნველყოფს, შესაძლოა, პირი კორონავირუსით კოვიდ–საწინააღმდეგო ინექციის შემდეგაც დაავადდეს. მაგალითად, "Pfizer and BioNTech"–ისა და "Moderna"–ს ვაქცინები მაღალ–ეფექტურია, თუმცა სრულ დაცვას ვერც ისინი უზრუნველყოფენ.
- შესაძლოა, ვაქცინაციის დროს ადამიანი უკვე იყოს კრორონავირუსით დაინფიცირებული, თუმცა მან ამის შესახებ არ იცოდეს.
რაც შეეხება უკვე შექმნილი კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინების ეფექტურობას Covid-19–ის ახალი სახეობების მიმართ, მეცნიერების განცხადებით, ამ დროისთვის არსებული მონაცემების თანახმად, ამ პრეპარატებმა წარმატებით უნდა იმუშავონ კორონავირუსის ახალი შატმების წინააღმდეგ. თუმცა როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სწრაფი ვაქცინაციის პროცესი, რათა Covid-19–ის მუტაცია შეზღუდონ. მათი თქმით, თუ ფართო ვაქცინაციით შეაჩერებენ ვირუსის გამრავლებას, იგი მუტაციას ვეღარ განიცდის.
თუმცა იმის გამო, რომ ეფექტურ და უსაფრთხო ვაქცინებზე მოთხოვნა ძალიან მაღალია, ხოლო წარმოების შესაძლებლობები მოთხოვნის სწარაფად დაკმაყოფილებას ვერ ახერხებენ, ვარაუდობენ, რომ განვითარებად და ღარიბ ქვეყნებში მასობრივი იმუნიზაცია შესაძლოა, 2023 წლამდე არ იქნება მიღწეული.
ცნობისთვის: მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 104 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 104 751 767 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 2 273 225 ადამიანი იმსხვერპლა. 76 420 030 დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.
რაც შეეხება საქართველოს, უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 259 897 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 251 077 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 221 გარდაიცვალა.
მომზადებულია CNN-ის მიხედვით


