Accentnews.ge
ვის რა ინტერესი აქვს „3+3“ ფორმატში

ვის რა ინტერესი აქვს „3+3“ ფორმატში

03/02/2021 20:42:18 ანალიზი

უცნაურია, მაგრამ რეგიონში მიმდინარე მოვლენებმა ქართულ პოლიტიკურ დღის წესრიგში საკუთარი ადგილი ვერ/არ მოიძია. არც ოფიციალური თბილისი ჩქარობს შეფასებას. ვერც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტმა დაიმსახურა მაინც და მაინც ყურადღება, მიუხედავად წინასწარი ანონსისა, თუ რაზე აპირებდა მათ შორის, თბილისში საუბარს და არც ამ შეხვედრის შემდეგ გვსმენია მაღალი ოფიციალური დონიდან, ზოგადად, რა ხედვა აქვს თბილისს. ადეკვატურია თუ არა მსგავსი დუმილი, იმსახურებს თუ არა შიდა პოლიტიკურ დავაში ჩაბმული პოლიტიკური ელიტის პოზიციონირებას თემა; რეალურად ვის ინტერესშია თურქეთის პრეზიდენტის მიერ უკვე მეორედ დაანონსებული პროექტი და ქმნის თუ არა ის რეალურ რისკებს? – „აქცენტი“ ამ საკითხების ირგვლივ საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტის გიორგი გობრონიძის ანალიზს გთავაზობთ.

თურქეთი

„ფაქტია, რომ თურქეთი ძალიან აქტიურად შემოვიდა სამხრეთ კავკასიაში. მთელს ამ სიტუაციაში კომიკური ისაა, რომ მხოლოდ ყარაბაღის ომის მეორე ეპიზოდისას აღმოაჩინეს (იგივე ევროპაშიც თითქოს გაუკვირდათ), რომ თურქეთი ძალიან ფართოდაა წარმოდგენილი რეგიონში და განსაკუთრებით თურქულ–აზერბაიჯანული სამხედრო თანამშრომლობა საკმაოდ მაღალ ნიშნულზე დგას: რაც ყარაბაღის მეორე ომში ვნახეთ, ეს არა მხოლოდ თურქულ–აზერბაიჯანული თანამშრომლობის პროცესი, არამედ შედეგი იყო მრავალწლიანი კომუნიკაციისა და თანამშრომლობის“,– ფიქრობს გობრონიძე და იქვე აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია იმის გააზრებაც, რომ ჯამში, თურქეთი ცდილობს, ჩამოყალიბდეს რეგიონულ ლიდერად – ძალად, როგორც ახლო აღმოსავლეთში, ისე სამხრეთ კავკასიაში:

„სამხრეთ კავკასია განიხილება კიდეც ერთგვარ კარიბჭედ ჩრდილოეთიდან ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით. იმისთვის, რომ თურქეთმა შეძლოს, ახლო აღმოსავლეთში ლიდერის პოზიციები სრულფასოვნად დაიკავოს, მას სჭირდება გავლენები სამხრეთ კავკასიაშიც – ეს მას საშუალებას მისცემს, მოახდინოს მისი ექსკლუზიური ინტერესების დონის შემოსაზღვრა და დაფარვა“.

რუსეთი

რეგიონულ კონტექსტში მკვლევარი რუსულ ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას. ის არ იზიარებს რიგ ექსპერტთა მოსაზრებებს, რომ ყარაბაღის მეორე ომთან მიმართებაში დამოკიდებულებით კრემლმა სომხეთის პრემიერ–მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი „დასაჯა“, როგორც პროდასავლელი ლიდერი და ახალ სტატუს–კვოზე მიუთითებს:

„რაც მოხდა, სასჯელად რამოდენიმე ათეულ ფაშინიანს ეხებოდა. აქ უფრო საინტერესო პროცესი ისა, რომ რუსეთმა დაუშვა კონფლიქტის წარმოება; დაუშვა, რომ თურქეთი რეგიონში წარმოჩენილიყო როგორც კონკურენტი; სამაგიეროდ, საკუთარი ნაბიჯით (იგივე ყარაბაღში სამშვიდობოების შეყვანის თემა რომ გავიხსენოთ) მოახდინა პრობლემის კონსერვაცია იმდაგვარად, რომ სამომავლოდ აზერბაიჯანს აუცილებლად მოუწევს რუსული ინტერესის გათვალისწინება: სანამ რუსეთს რეგიონში სამხედრო ყოფნა არ ექნებოდა დაფიქსირებული, არ შეეძლო, ასეთი სერიოზული გავლენის ბერკეტები ჰქონოდა ყარაბაღის კონფლიქტზე. ჯერ კიდევ ჰეიდარ ალიევის პერიოდიდან მოყოლებული ცდილობდა კრემლი, რომ მისი სამხედრო ყოფნა დაფიქსირებულიყო მთიანი ყარაბაღის რეგიონში, რასაც ჰეიდარ ალიევი ყველანაირად ეწინააღმდეგებოდა“.

მკვლევარის ანალიზის თანახმად, ალიევმა ომით მიიღო ის, რასაც ვერ იღებდა მოლაპარაკებების გზით, თუმცა მთიანი ყარაბაღის 75%–ის საკითხი, რომელიც არ ექვემდებარება აზერბაიჯანულ კონტროლს, ახლებურად დადგა დღის წესრიგში და მკვლევარი ფიქრობს, რომ ადრე თუ გვიან, როდესაც გამარჯვების ეიფორია გადაივლის, გაანალიზდება მათ შორის პანდემიით გამოწვეული მძიმე ეკონომიკური ეფექტები, ამოიწურება აზერბაიჯანის მმართველი ელიტის მიერ ომში გამარჯვებით დაგროვილი პოლიტიკური კაპიტალის რესურსი და დღის წესრიგში დადგება მთიანი ყარაბაღის დანარჩენი ტერიტორიების საკითხი:

„ალიევმა შეიძლება, ითქვას, ტაქტიკური თვალსაზრისით შეცდომაც დაუშვა, როდესაც კატეგორიულად თქვა, „მთიანი ყარაბაღის არავითარ სტატუსზე არ იქნება ლაპარაკიო“. ეს ნიშნავს, რომ აზერბაიჯანი აცხადებს პრეტენზიას მის ფლობაზე, მაგრამ მას ამ მომენტამდე ვერ აკონტროლებს და იქ უკვე რუსი სამხედროები არიან წარმოდგენილნი. შესაბამისად, ნებისმიერი სამხედრო მცდელობა წააწყდება რუსულ წინაღობას. ამდენად, შეიძლება, ვთქვათ, რომ მოხდა მთიანი ყარაბაღის პროცესის ცხინვალიზაცია“.

გარდა ამისა, გობრონიძის დაკვირვებით, რუსეთი ცდილობს, სამხრეთით გახსნას საკომუნიკაციო გზები:

„იგივე ნახიჭევანის საგზაო დერეფანზე როდესაც იყო საუბარი, აქ სწორედ ისაა ნიშანდობლივი, რომ ეს ტერიტორია არაა აზერბაიჯანის იურისდიქციაში – რჩება სომხეთის კონტროლქვეშ და მის უსაფრთხოებას რუსული „ეფესბე“უზრუნველყოფს. პრაქტიკულად, რუსეთმა თურქეთის გავლით ერთგვარი სახმელეთო–საავტომობილო დერეფანი გაჭრა ახლო აღმოსავლეთისკენ, საუბარია სარკინიგზო პროექტებზე“.

თუმცა მკვლევარი დაანონსებული პროექტების განხორციელების პრობლემურობაზეც მიუთითებს:

„დღეს აზერბაიჯანთან ნებისმიერი თანამშრომლობა სომხური პოლიტიკური კლასისთვის საკმაოდ რთულად მისაღები გადაწყვეტილება იქნება: ყარაბაღის მეორე ომში მარცხის მიმართ სომხურ საზოგადოებაში სერიოზული მიუღებლობაა და აზერბაიჯანთან თანამშრომლობის დაწყება გარკვეულ საკითხებზე, თუნდაც რუსეთის ჩართულობით, გაგებული იქნება როგორც პირდაპირი კაპიტულაცია, რაც ბუნებრივია, მძიმე შესათავაზებელია საზოგადოებისთვის ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფისთვის“.

ირანი

„თურქეთთან და რუსეთთან ერთად ირანის ისლამური რესპუბლიკა გამოჩნდა და ეს შემთხვევითი არაა: ირანისთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი სივრცე, სადაც ის ეკონომიკური აქტივობის განხორციელებას შეძლებს; ირანს რეგიონში ინტერესები გააჩნია და არ იტყვის უარს, რომ აზერბაიჯანში, საქართველოში და სომხეთში გაზარდოს საკუთარი გავლენები. ირანი ასევეა დაინტერესებული კავკასიის რეგიონში იგივე აზერბაიჯანულ–ებრაული პარტნიორობის და ქართულ–დასავლური პარტნიორობის შესუსტებით“,– ფიქრობს გობრონიძე.

სამი რეგიონული აქტორის ინტერესების თანხვედრა

„თურქეთი თვლის, რომ შესწევს ძალა, რეგიონში გაუწიოს კონკურენცია რუსულ გავლენას, ამასთან თურქეთი დაინტერესებულია ეკონომიკური, ენერგეტიკული თვალსაზრისით მნიშვნელოვან ზონაში შეზღუდოს დასავლეთის წვდომა, ხოლო შემდეგ თავისი მძლავრი და მოქნილი ეკონომიკით, შედარებით პოზიტიური დიპლომატიით იგივე საქართველოსთან და აზერბაიჯანთან, მოახერხოს რუსული გავლენის შემცირება თუ არა, დაბალანსება მაინც.

თურქეთი დაინტერესებულია რეგიონიდან დასავლეთის განდევნით, იგივე ინტერესი აქვს რუსეთსაც. სწორედ აქ ხვდება სამი რეგიონული აქტორის საერთო ინტერესი: შეამცირონ დასავლური გავლენა რეგიონში – დასავლური გავლენა ნიშნავს რეგიონის სტაბილურ და დემოკრატიულ განვითარებას, რაც სამივე პოლიტიკური რეჟიმის არსებობისთვისაა საფრთხე: ეს არის ვეტო აზერბაიჯანისა და სომხეთის მომავალზე და ეგზისტენციური გამოწვევა საქართველოსთვის. შესაბამისად, ფორმატის ექვსმხრივობა ფორმალობაა და რეალურად სამმხრივი ფორმატი გვაქვს“,– აღნიშნავს გობრონიძე და დასძენს, „ეს არ არის უბრალოდ ეკონომიკური პროცესების თემა, ბევრად უფრო კომპლექსური საკითხია და მაქსიმალური სიფრთხილეა საჭირო. მთავარი პრობლემა ისაა, რომ ცალკე აღებულ აზერბაიჯანს, სომხეთს, საქართველოს არ შესწევთ ძალა, ითამაშონ თანაბარი ძალის ცენტრის როლი“.

გობრონიძე ფიქრობს, რომ ხსენებული ფორმატი ქმედითი და საინტერესო იქნებოდა:

  • თუ არ იქნებოდა კონფლიქტი რუსეთსა და საქართველოს შორის;
  • თუ არ იქნებოდა კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის;
  • თუ იქნებოდა სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყანა წარმოდგენილი ერთიანი პლატფორმითა და პოზიციით.

„სხვა შემთხვევაში ეს არაფერია, თუ არა, დასავლეთის გამოდევნის მცდელობა სამი რეგიონული აქტორის მხრიდან და შემდეგ უკვე ამ რეგიონში საკუთარი გავლენების განაწილება“.

ვინ ხედავს რისკებს?

„დასავლეთს ერთი პრობლემა აქვს: ისინი თვლიან, როგორც მათთან ხდება ყველაფერი დალაგებულად და გააზრებულად, ისე ხდება სხვაგანაც. ამაზე ძალიან ბევრი უნდა ველაპარაკოთ ჩვენს პარტნიორებს, დავარწმუნოთ, ამ რეგიონში დასავლეთის ჩართულობა დღეს ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს: ხვალ მათ შესაძლოა დაკარგონ ევროპასა და ახლო აღმოსავლეთს შორის, ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის, ჩინეთსა და ევროპას შორის ძალიან მნიშვნელოვანი ხიდი, რომელიც გადაიქცევა რუსეთის, თურქეთისა და ირანის საერთო სარგებლობის, მათი ინტერესების გადაკვეთის და მათი კონკურენციის, შესაბამისად, გეოპოლიტიკური დაპირისპირების არეალადაც. რაც რეგიონის განვითარებისთვის ძალიან სახიფათო იქნება. ეს არის ჩვენი დიპლომატიის ამოცანა, ამაში უნდა ვარწმუნებდეთ პარტნიორებს, გარდა იმისა, რომ ჩვენ ყოველ დღე უნდა ვქმნიდეთ დემოკრატიულ სახელმწიფოს. დროა, თანამშრომლობა ახალ დონეზე გადავიყვანოთ. მესმის, რომ მსოფლიოში არსებული ვითარება ნაკლებად იძლევა საშუალებას, ქვეყნები საკუთარ რეგიონს მიღმა საგარეო პოლიტიკაში ძალიან აქტიურნი იყვნენ, მაგრამ მსგავს სახელმწიფოდ რჩება აშშ, ევროკავშირთანაც შეიძლება მუშაობა“,– ამბობს გობრონიძე, მაგრამ მას შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებაში ჩართული ქართული პოლიტიკური ელიტა არ უჩენს რწმენას, რომ აღქმულია გამოწვევები.

რატომ უნდა აინტერესებდეს დასავლეთს რეგიონი?

გობრონიძე რამდენიმე არგუმენტს ასახელებს:

  • იმიტომ, რომ სამომავლოდ არ მოუწიოს ირანული, თურქული ან რუსული თამაშის წესების მიღება იმისთვის, რომ ზამთარში არ გაიყინონ;
  • არ მოუწიოთ მათი თამაშის წესების მიღება იმისთვის, რომ თავიანთი ეკონომიკების ნორმალური ფუნქციონირება შეძლონ – მოგეხსენებათ, ჩინეთი მათ ეკონომიკაში დიდ როლს თამაშობს. მაგალითად, Apple ჩინეთში რომ ააწყობს პროდუქციას და ევროპაში სურს მისი გაყიდვა, არ უნდა ხდებოდეს ისე, რომ საგზაო დერეფნებს უარეს შემთხვევაში ჩინეთი, ხოლო უკეთეს შემთხვევაში ირანი, რუსეთი და თურქეთი უკონტროლებდნენ.
  • იმიტომ, რომ იგივე პოსტსაბჭოთა სივრცეში საბოლოოდ არ დასამარდეს დემოკრატული გარდაქმნის პროცესი;
  • როდესაც საუბარია ირანის ბირთვულ პროგრამასა და შეიარაღებაზე, დასავლეთის, განსაკუთრებით, აშშ–ის მიერ დაწესებული სანქციები არაფრის მომცემად არ უნდა იქცეს: თუ ირანი გააკონტროლებს კომუნიკაციებს, ჩართული იქნება გლობალურ ეკონომიკაში იმგვარად, რომ მასზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, ევროპას, აშშ–ს მოუწევს, გადახედონ სანქციებს, რადგან ეს შესაძლოა, მათთვისვე აღმოჩნდეს საზიანო;
  • იმიტომ, რომ ერდოღანის თურქეთი არ გადაიქცეს ახლო აღმოსავლეთის უპირობო ლიდერად ირანთან ერთად და ამ ორმა ძალამ რუსეთის ჩართულობით არ გაიყოს ახლო აღმოსავლეთის რეგიონი, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს თანამედროვე გლობალური ეკონომიკისთვის, მათ შორის, პირველ რიგში, დასავლურისთვის და უსაფრთხოების დღის წესრიგისთვის.

„ეს მცირე ჩამონათვალია. თუ დატოვებენ რეგიონს, მოუწევთ, უახლოეს პერიოდში განსხვავებული გეოპოლიტიკური, ეკონომიკური რეალობისთვის მოემზადონ“,– ასკვნის გობრონიძე.

საქართველო

„ჩვენი მიზანია, გადავრჩეთ. თუ დასავლეთი რეგიონში იქნება წარმოდგენილი, გადავრჩებით და არ ვიქცევით იმაზე უარეს ვერსიად, რადაც საქართველო 1555 წელს – „ამასიის ზავის“ შემდეგ იქცა [სპარსეთმა და ოსმალეთმა მათ შორის საქართველო შუაზე გაიყვეს – რედ.]. დღეს უფრო მძიმეა ვითარება, გვჭირდება სუვერენიტეტის შენარჩუნება, მდგრადი ეკონომიკური განვითარების პირობების მოიძიება და ამას ნამდვილად ვერ გავაკეთებთ რეგიონული სამი ლიდერის ურთიერთსათანამშრომლო პლატფორმაში მონაწილეობით“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S