"ნავალნის საქმესთან დაკავშირებით ისტერიამ პიკს მიაღწია"
03/02/2021 16:55:05 მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის საქმესთან დაკავშირებით მოვლენები დასავლეთში ცალმხრივად შუქდება და „ისტერიამ პიკს მიაღწია“.
"ისტერიამ, რომელიც ნავალნის საქმის სასამართლო განხილვასთან დაკავშირებით მოვისმინეთ, ნამდვილად პიკს მიაღწია. აბსოლუტურად მალავენ საზოგადოებისგან, რომ კანონები, რომლებიც არსებობს დასავლეთში დემონსტრაციების, მიტინგების და ყველანაირი საპროტესტო გამოსვლების შესახებ, ბევრად უფრო მკაცრია, ვიდრე რუსეთის ფედერაციაში“, - განაცხადა ლავროვმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსეთში პოლიციამ, ეროვნულმა გვარდიამ და „ომონმა“ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მხარდამჭერთა საპროტესტო აქციები დაშალეს და 1300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. 2 თებერვალს ფართომასშტაბიანი პროტესტის ფონზე მოსკოვის სასამართლომ ნავალნის 3,5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთის ოფიციალური უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, "ნავალნიმ ე.წ. ივ როშეს საქმესტან დაკავშირებით პირობითი მსჯავრის პირობები არაერთხელ დაარღვია და მისი დაკავება სწორედ ამას უკავშირდება".
აშშ–მა, ევროპის სახელმწიფოთა ლიდერებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა დაგმეს სასამართლოს მიერ ალექსეი ნავალნისთვის გამოტანილი განაჩენი და რუსეთის ხელისუფლებას პოლიტიკოსისა და დაკავებული დემონსტრანტების დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.


