უკრაინაში პრორუსული განწყობების მქონე პარლამენტარის მფლობელობაში არსებული 3 ტელეარხის მაუწყებლობა აკრძალეს
03/02/2021 07:05:06 მსოფლიო
უკრაინაში პრორუსული განწყობების მქონე პარლამენტარ ტარას კოზაკის მფლობელობაში არსებული 3 ტელეარხის – „112 უკრაინა“, "NewsOne" და "ZIK"-ს მაუწყებლობა აკრძალეს.
ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელმოწერით დაადასტურა ეროვნული უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილება, სამივე ტელეკომპანიის 5-წლიანი სანქციების ამოქმედების შესახებ.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ გადაწყვეტილება მიღებულია ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად, რადგან ეს 3 ტელეარხი უცხო ქვეყნის დეზინფორმაციული აქტივობის და პროპაგანდის ნაწილია.
ტარას კოზაკი პრორუსული ორიენტაციის საპარლამენტო ფრაქციის „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის“ წევრია.
უკრაინული მედიასაშუალებების ინფორმაციით, ეთერიდან გათიშული სამივე ტელეკომპანია რეალურად ეკუთვნის პარლამენტის დეპუტატს, პარტია „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს და უკრაინაში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ და გავლენიან ადამიანს, ვიქტორ მედვედჩუკს. ის უარყოფს, რომ ტელერხების მფლობელია.
მედვედჩუკს, რომლის ქალიშვილის ნათლია რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინია, 2014 წელს აშშ-მა "უკრაინაში დემოკრატიის ხელყოფისთვის" პერსონალური სანქციები დაუწესა.


