ჯეფ ბეზოსი „ამაზონის“ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას ტოვებს
03/02/2021 06:13:22 მსოფლიო
მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ჯეფ ბეზოსი კომპანია „ამაზონის“ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას ტოვებს. თანამშრომლებისადმი წერილში ბეზოსი აღნიშნავს, რომ მას უფრო მეტი დრო და ენერგია ექნება თავის სხვა პროექტებზე ფოკუსირებისთვის, როგორებიცაა „დედამიწის ფონდი“, კოსმოსური კომპანია „ბლუ ორიჯინი“ და „ვაშინგტონ პოსტი“.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის პოსტს ამჟამად "ამაზონის" ვებ–სერვისების ხელმძღვანელი ენდი ჯესი დაიკავებს.
მიუხედავად თანამდებობის დატოვებისა, ბეზოსი რჩება "ამაზონის" ერთ-ერთ უმსხვილეს აქციონერად.
ჯეფ ბეზოსმა კომპანია "ამაზონი" 1994 წელს დააფუძნა. სადღეისოდ "ამაზონის" საბაზრო ღირებულება $1.7 ტრილიონი დოლარია. ამჟამად კომპანიაში 1.1 მილიონზე მეტი ადამიანია დასაქმებული.


