ევროკავშირის საბჭომ შენგენის ზონაში შესვლასთან დაკავშირებით ახალი კრიტერიუმები დაამტკიცა

03-02-2021 00:39:22 ევროპა

ევროკავშირის საბჭომ არაწევრი ქვეყნებიდან შენგენის ზონაში შესვლასთან დაკავშირებით ახალი კრიტერიუმები დაამტკიცა.

კერძოდ, საბჭოს მიერ მიღებული რეკომენდაციები მესამე ქვეყანასთან ევროკავშირის საზღვრების გახსნის კრიტერიუმებს ითვალისწინებენ. საზღვრის გახსნისთვის ევროკავშირის არაწევრი ქვეყანა შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს:

  • ბოლო 14 დღის განმავლობაში 100 000 მოსახლეზე კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა 25 შემთხვევას არ უნდა აღემატებოდეს;
  • ბოლო ორი კვირის განმავლობაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა შემცირებული ან სტაბილური უნდა იყოს წინა 14-დღიან პერიოდთან შედარებით;
  • ბოლო 7 დღის განმავლობაში ქვეყანაში 100 000 მოსახლეზე 300-ზე მეტი ტესტი უნდა ჩატარდეს;
  • ბოლო 7 დღის განმავლობაში ჩატარებული ტესტების დადებითი პასუხი 4%-ს არ უნდა აღემატებოდეს;
  • გარდა ამისა, გათვალისწინებული იქნება ამა თუ იმ ქვეყანაში კორონავირუსის მუტაციების გავრცელების დონე.

აღნიშნული კრიტერიუმებიდან გამომდინარე ევროკავშირის საბჭო იმ ქვეყნების სიას განაახლებს, რომელთა მოქალაქეები ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლას შეძლებენ.

ბოლო განახლების თანახმად, ევროკავშირის საზღვრები შემდეგი ქვეყნებისთვისაა ღია: ავსტრალია, ახალი ზელანდია, რუანდა, სინგაპური, სამხრეთ კორეა, ტაილანდი და ჩინეთი.

იმის გათვალისწინებით, რომ სასაზღვრო პოლიტიკის განსაზღვრა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების კომპეტენციაში შედის, აღნიშნულ წესებს სარეკომენდაციო ხასიათი აქვს და თითოეული წევრი სახელმწიფო თავად გადაწყვეტს, აამოქმედოს თუ არა ისინი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები