ქობულეთის სოფელი ჯიხანჯური ცოფის გამო კარანტინშია
02/02/2021 16:30:32 საზოგადოება
ქობულეთის 4 სოფელი ცოფის დადასტურების გამო კარანტინშია. ინფორმაციას გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს.
60-დღიანი კარანტინი ჯიხანჯურში, ცეცხლაურში, ლეღვას სამხრეთ და ქაქუთის აღმოსავლეთი ნაწილში გამოცხადდა.
გამოცემის ცნობით, სოფელ ჯიხანჯურში ცოფით ინფიცირებულმა ტურამ 3 შინაური ცხოველი დაკბინა. კარანტინის პირობებში მოსახლეობას შინაური ცხოველების გაშვება ეკრძალება.
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს უფროსმა ინსპექტორმა ქობულეთში, ნატო ქარდავამ გამოცემას უთხრა, რომ ცოფის შემთხვევა სამჯერ ერთსა და იმავე სოფელში, ჯიხანჯურში გამოვლინდა, თუმცა კარანტინი მიმდებარე სოფლებშიც გამოცხადდა, პირველი შემთხვევა კი 22 დეკემბერს დადასტურდა. მისივე განცხადებით, ამავე სოფლებში ვაქცინაცია ყველა შინაურ ცხოველს ჩაუტარდა.
განახლება
მოგვიანებით გამოცემამ მასალაში შესწორება შეიტანა:
თავდაპირველად მასალაში ეწერა, რომ ცოფის გამოვლენის გამო, კარანტინია ქობულეთის 4 სოფელში, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, კარანტინია მხოლოდ სოფელ ჯიხანჯურში, ხოლო დანარჩენ სამ სოფელში მიმდინარეობს შინაური ცხოველების ცოფზე ვაქცინაცია.


