კვლევა – პანდემიის დაწყების შემდეგ პირველად, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა
02/02/2021 13:59:41 საზოგადოება
პანდემიის დაწყების შემდეგ პირველად, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, – ამის შესახებ ნათქვამია სამედიცინო ჟურნალ ანესთეზიაში გამოქვეყნებულ კვლევაში.
"Covid-19-ით სიკვდილიანობის მაჩვენებელი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფ კოვიდ–ინფიცირებულ პაციენტებში 60% -დან 36% -მდე შემცირდა", – ნათქვამია ბრიტანელი მეცნიერების კვლევაში, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ჩატარებული 52 კვლევის მონაცემებს ეფუძნება.
კვლევის შედეგების თანახმად, მსოფლიოში რეგიონების უმეტესობაში სადღეისოდ სიკვდილიანობის მაჩვენებელი 30% -40% შეადგენს. მაგალითად, ევროპაში Covid-19-ით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 33.4%–ია; ჩრდილოეთ ამერიკაში – 40%; კორონავირუსით სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი - 11% ავსტრალიაში, ვიქტორიას შტატშია, ყველაზე მაღალი – 62% – შუა აღმოსავლეთში.
მას შემდეგ, რაც Covid-19-ის ახალი სახეობები გაჩნდა და უფრო მეტი ადამიანის მძიმედ ავადმყოფობა გამოიწვია, ბრიტანელი მკვლევარების არ გამორიცხავენ, რომ კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაიზარდოს. თუმცა მათი თქმით, კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს შეუძლია, შეამციროს იმ კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობა, რომლებიც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობას საჭიროებენ.
ცნობისთვის: მსოფლიოში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2020 წლის დეკემბრიდან მიმდინარეობს. უკვე წარმოებული ვაქცინების დიდი ნაწილი მდიდარმა ქვეყნებმა შეიძინეს. იმის გამო, რომ ეფექტურ და უსაფრთხო ვაქცინებზე მოთხოვნა ძალიან მაღალია, ხოლო წარმოების შესაძლებლობები მოთხოვნის სწარაფად დაკმაყოფილებას ვერ ახერხებს, ვარაუდობენ, რომ განვითარებად და ღარიბ ქვეყნებში მასობრივი იმუნიზაცია შესაძლოა, 2023 წლამდე არ იქნება მიღწეული.
მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 103 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 103 975 465 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 2 249 141 ადამიანი იმსხვერპლა. 75 818 127 დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.
რაც შეეხება საქართველოს, უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 259 209 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 250 289 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 208 გარდაიცვალა.


