ალექსეი ნავალნის პროცესის პარალელურად, პოლიცია სასამართლოსთან მისულ დემონსტრანტებს აკავებს
02/02/2021 09:00:58 მსოფლიო
მოსკოვის საქალაქო სასამართლოში რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის სასამართლო პროცესის პარალელურად, პოლიცია სასამართლოსთან მისულ დემონსტრანტებს აკავებს.
დაკავებები ჟურნალისტების თვალწინ მიმდინარეობს. ბოლო მონაცემებით, დაკავებულთა რაოდენობა 23-ს შეადგენს.
სასამართლოს ტერიტორიაზე გადაკეტილია მიმდინარე ქუჩები და გამკაცრებულია უსაფრთხოება. დღეს სასამართლო ალექსეი ნავალნის ე.წ. ივ როშეს საქმეზე პირობითი სასჯელის რეალურით შეცვლაზე მსჯელობს. ბრალდების მხარის განცხადებით, ნავალნი "სისტემატურად არღვევდა პირობითი სასჯელის წესებს, საჭიროების შემთხვევაში არ ეკონტაქტებოდა ხელისუფლებას". შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში ნავალნის 3.5 წლით პატიმრობა ემუქრება.
ცნობისთვის: 31 იანვარს რუსეთის 80-ზე მეტ ქალაქში გაიმართა საპროტესტო აქციები ალექსი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით. პოლიციამ და ეროვნულმა გვარდიამ იმ საბაბით, რომ აქციები არასანქცირებული იყო, საპროტესტო გამოსვლები ძალის გამოყენებით დაშალეს და 5 000–ზე მეტი ადამიანი, მათ შორის მედიის ასამდე წარმომადგენელი დააკავეს.
„კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დამაარსებელი ალექსეი ნავალნი, რომელიც 2020 წლის აგვისტოში რუსეთში მოწამლეს „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნივთიერებით, გერმანიაში ოთხთვიანი მკურნალობის შემდეგ მოსკოვში 17 იანვარს დაბრუნდა. ნავალნი აეროპორტშივე დააკავეს, მეორე დღეს კი სასამართლომ მას 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. ნავალნის დაკავების ოფიციალურ მიზეზად იმას ასახელებენ, რომ მან დაარღვია ე.წ. ივ როშეს საქმეზე თაღლითობის ბრალდებით შეფარდებული პირობითი მსჯავრით განსაზღვრული ვალდებულებები. თავად ნავალნის განცხადებით, მისთვის წაყენებული ყველა ბრალდება ყალბია.


