"ვაქცინაცია მნიშვნელოვანია, რადგან ძალიან მაღალია ალბათობა, Covid-19–სგან გამოჯანმრთელებული პირი კორონავირუსის ახალი სახეობებით დაინფიცირდეს"
02/02/2021 07:07:11 მსოფლიო
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ თუ Covid-19 და მისი მუტირებული სახეობები დომინანტურები გახდებიან, ძალიან მაღალია ალბათობა იმისა, რომ Covid-19–სგან გამოჯანმრთელებული პირი კორონავირუსის ახალი სახეობებით დაინფიცირდეს.
"რაც შეიძლება სწრაფად უნდა განხორციელდეს კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი, რათა Covid-19-მა მუტაცია უფრო მეტად არ განიცადოს. თუ ჩვენ ფართო ვაქცინაციით შევაჩერებთ ვირუსის გამრავლებას, იგი მუტაციას ვეღარ განიცდის. იმ შემთხვევაში თუ Covid-19 და მისი მუტირებული სახეობები დომინანტურები გახდებიან, ძალიან მაღალია ალბათობა იმისა, რომ Covid-19–სგან გამოჯანმრთელებული პირი კორონავირუსის ახალი სახეობებით დაინფიცირდეს. ეს მინიმუმ, კორონავირუსის სამხრეთ აფრიკულ ვარიანტს ეხება, რომლის შესახებაც ჩვენ ყველაზე მეტი ვიცით, როდესაც საქმე რეინფიცირებას ეხება",- განაცხადა ფაუჩიმ.


