ევროკავშირი არაწევრი ქვეყნებიდან მგზავრობაზე შეზღუდვებს ამკაცრებს
02/02/2021 05:36:16 მსოფლიო
ევროკავშირმა არაწევრი ქვეყნებიდან ვიზიტორებისთვის შეზღუდვები გაამკაცრა.
გადაწყვეტილების თანახმად, ევროკავშირის ქვეყნებმა შეზღუდვების გარეშე, მათ შორის სავალდებულო კარანტინის გარეშე, ვიზიტორები მხოლოდ მკაცრი კრიტერიუმების გათვალისწინებით უნდა მიიღონ.
ვიზიტორი უნდა იყოს ისეთი ქვეყნიდან, სადაც ბოლო 14 დღის განმავლობაში ყოველ 100 000 მოქალაქეზე კორონავირუსის 25-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული. ამასთან, სამგზავრო შეზღუდვები სასწრაფოდ უნდა ამოქმედდეს იმ ქვეყნებისთვის, სადაც კორონავირუსის ახალი, უფრო გადამდები ვარიანტებით ავადობის მაღალი კოეფიციენტია გამოვლენილი.
შეთანხმებას წევრი ქვეყნებისათვის რეკომენდაციის სახე აქვს და მათ საბოლოო გადაწყვეტილება თავიანთ სასაზღვრო პოლიტიკაზე დაყრდნობით შეუძლიათ მიიღონ. ევროკავშირის ზოგიერთმა ქვეყანამ, მაგალითად, გერმანიამ, უფრო მკაცრი შეზღუდვები დააწესა, ხოლო ბელგიამ არასავალდებულო მოგზაურობა მარტამდე საერთოდ აკრძალა.


