დღეიდან იტალიაში რიგი შეზღუდვები შემსუბუქდა
01/02/2021 16:17:53 მსოფლიო
დღეიდან იტალიაში კორონავირუსის გამო დაწესებული მკაცრი შეზღუდვების ნაწილი შემსუბუქდა. ქვეყნის 20 რეგიონიდან 15 „ყვითელ ზონად“ (დაბალი რისკის მქონე ადგილი) გამოცხადდა, 5 კი ( სიცილია, სარდინია, პულია, უმბრია და სამხრეთ ტიროლი) კვლავ "ნარინჯისფერ ზონად" რჩება.
„ყვითელ ზონაში" მყოფ რეგიონებში რესტორნებსა და ბარებში მაგიდებთან სტუმრებს 18:00 საათამდე ემსახურებიან, ხოლო 22:00 საათამდე გატანის სერვისის სთავაზობენ. გაიხსნა კოლიზეუმი და ვატიკანის მუზეუმები.
რაც შეეხება "ნარინჯისფერ ზონად" გამოცხადებულ რეგიონეებს, აქ რესტორნებსა და ბარებში კვლავ გატანის სერვისი მოქმედებს.
ნებისმიერი ფერის რეგიონებს შორის მოგზაურობა თებერვლის შუა რიცხვებამდე ისევ აკრძალულია.
მთელი ქვეყნის მასშტაბით 22:00სთ–დან 05:00 საათამდე "კომენდანტის საათი" ძალაში რჩება. სოციალური დისტანციის დაცვა და საჯარო სივრცეში გადაადგილებისას პირბადეების ტარება კვლავ სავალდებულოა.
იტალია პანდემიის პირველი ტალღის დროს ერთ-ერთ ყველაზე დაზარალებულ ქვეყნებს შორის აღმოჩნდა. ევროპაში სიკვდილიანობის მაჩვენებლის მიხედვით, ქვეყანა დიდი ბრიტანეთის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს. თუმცა ბოლო პერიოდში იტალიაში ახალი შემთხვევებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლის კლების სტატისტიკა შეინიშნება. უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 2.5 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 88 ათასზე მეტი ადამიანი დაავადებამ იმსხვერპლა.


