"შეერთებული შტატები კვლავ უნდა ჩაერთოს გლობალურ პოლიტიკაში, რადგან როდესაც აშშ უკან იხევს, მის ადგილს ჩინეთი იკავებს"
01/02/2021 14:49:25 მსოფლიო
"ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ უნდა ჩაერთოს გლობალურ პოლიტიკაში, რადგან როდესაც აშშ უკან იხევს, მის ადგილს ჩინეთი იკავებს", – ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ტელეკომპანია „ენბისი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
"ჩინეთის მიერ შექმნილი საფრთხე ჩვენი, საკუთარი თავისთვის მიყენებული სისუსტეების ბრალია", – აღნიშნა ბლინკენმა.
მისივე შეფასებით, კორონავირუსთან დაკავშირებით ჩინეთში გამჭვირვალობის ნაკლებობა სერიოზული პრობლემაა:
"მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთმა უხანში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები შეუშვა, კვლავ ჩამორჩენაა ქვეყანაში ექსპერტების მუშაობის დაშვების კუთხით იმ ადგილებში, სადაც კორონავირუსი აღმოაჩინეს".
ამასთან, მან გააკრიტიკა ჰონგ-კონგში დემოკრატიული აქციების ჩახშობა და აქტივისტების დაკავება.
"ჩვენ ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც ჰონგ-კონგში კვლავ საკუთარი უფლებებისთვის იბრძვიან, იმ უფლებებისთვის, რომლებიც გარანტირებული ეგონათ. თუ ისინი ჩინეთის ხელისუფლების მხრიდან რეპრესიის მხვერპლნი გახდებიან, ჩვენ მათ თავშესაფარი უნდა მივცეთ". – განაცხადა ბლინკენმა.


