თბილისის მერიის ტრანსპორტის სამსახურის უფროსი მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ავტომობილებით გადაადგილებისგან
01/02/2021 09:18:27 საზოგადოება
თბილისის მერიის ტრანსპორტის სამსახურის უფროსი ვიქტორ წილოსანი მოუწოდებს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ავტომობილებით გადაადგილებისგან.
„დღეს მოიხსნა რიგი შეზღუდვები, შესაბამისად, გაიზრდება მობილობა და ვინაიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერებულია, ველოდებით საცობებს. ამიტომ გთხოვთ, მაქსიმალურად თავი შეიკავოთ ავტომობილებით გადაადგილებისგან,“ – წერს წილოსანი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი იხსნება.
კერძოდ,
1) თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში მუშაობას განაახლებენ მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები. თუმცა ამ სამ ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა კვლავ აკრძალულია;
2) ზუგდიდში, გორში, თელავში, ბათუმსა და ფოთში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტი, მუშაობას განაახლებენ მაღაზიები და სავაჭრო ობიექტები. ამასთან, აღდგება სწავლება სკოლებში;
3) აჭარაში, ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების გამო, კვების ობიექტებს ღია სივრცეეში სტუმრების მიღება შეეძლებათ;
4) იხსნება შეზღუდვა რეგულარულ ფრენებზე;
მთავრობის გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა 1-ლი მარტიდან იგეგმება. 1-ლი თებერვლიდან იგეგმება სკოლებში სწავლების განახლება.
15 თებერვლიდან ყველა ქალაქში იგეგმება ღია და დახურული ტიპის ბაზრობების გახსნა.
ძალაში რჩება "კომენდანტის საათი" - 21:00 საათიდან 05:00 საათამდე მოქალაქეებს გარეთ გასვლა ეკრძალებათ. შეზღუდულია საქალაქთაშორისო გადაადგილება.


