ტრამპმა ახალი ადვოკატები დაიქირავა, რომლებიც იმპიჩმენტის პროცედურაზე მისი დაცვის ჯგუფს უხელმძღვანელებენ
01/02/2021 06:30:20 მსოფლიო
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ახალი ადვოკატები დაიქირავა, რომლებიც იმპიჩმენტის პროცედურაზე მისი დაცვის ჯგუფს უხელმძღვანელებენ.
დონალდ ტრამპის ოფისის ინფორმაციით, იმპიჩმენტის პროცედურაზე, რომელიც სენატში 8 თებერვალს დაიწყება, ყოფილი პრეზიდენტის მთავარი დამცველები იურისტები დევიდ შოენი და ბრიუს კასტორი იქნებიან. აღნიშული განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ცნობილი გახდა, რომ ტრამპმა რამდენიმე ადვოკატი საკუთარი იმპიჩმენტის საქმეს მოულოდნელად ჩამოაშორა.
დონალდ ტრამპს, რომელმაც თანამდებობა 20 იანვარს დატოვა, კაპიტოლიუმის შენობაში მხარდამჭერების შეჭრის წახალისებაში ადანაშაულებენ. იგი აშშ-ის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი გახდა, რომლის იმპიჩმენტს წარმომადგენელთა პალატამ მხარი ორჯერ დაუჭირა. იმისთვის, რომ სენატმა ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადოს, კანონმდებლების მინიმუმ 2/3-ის თანხმობაა საჭირო.


