სად რა სახის შეზღუდვები იხსნება 1 თებერვლიდან
01/02/2021 05:24:23 საზოგადოება
1 თებერვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა.
თუმცა, აღნიშნულ ხუთ ქალაქში თებერვლის განმავლობაში შაბათ-კვირას არ იფუნქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი, ხოლო კვების ობიექტები და მაღაზიები დისტანციურ რეჟიმში იმუშავებენ.
თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის აღდგენა და სკოლების გახსნა დაგეგმილია 1 მარტიდან. აღნიშნულ 3 ქალაქში თებერვლიდან განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები.
21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე გადაადგილებაზე შეზღუდვა 1 მარტამდე ძალაში რჩება.
საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, 1 თებერვლიდან აჭარის რეგიონში კვების ობიექტების ღია სივრცეები გაიხსნება, შეზღუდვა რჩება ქორწილებსა და დიდ წვეულებებზე.
1 თებერვლიდან უქმდება რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვები.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების მიხედვით, სათხილამურო კურორტებზე შეზღუდვები ძალაში რჩება და 1 თებერვლიდან არ იმუშავებს საქალაქთაშორისო ტრანსპორტი.
"ძალაში რჩება სათხილამურო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები და ასევე, შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა. ყველას მოეთხოვება და სავალდებულო კვლავ იქნება პირბადის ტარება. ყველა სავაჭრო ობიექტს, ასევე, მოეთხოვება მომხმარებელთა ნაკადების რიგების მართვა, დისტანციის დაცვა და იმ მეთოდით მუშაობა, რაც უკვე დანერგილია და აპრობირებული იყო მუშაობის ბოლო პერიოდის გათვალისწინებით,"- განაცხადა ვიცე–პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა 22 იანვარს გამართულ ბრიფინგზე.
1 მარტიდანაა დაგეგმილი საბავშვო ბაღების მუშაობის აღდგენა, პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლებში სტუდენტების დაბრუნება.
"საბავშვო ბაღების მუშაობის აღდგენა, პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლებში სტუდენტების დაბრუნება დაგეგმილი გვაქვს 1 მარტიდან. ბუნებრივია, ეს ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე," - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მისი თქმით, ეპიდემიოლოგიური რისკების გათვალისწინებით, თითოეული დარგისთვის ტესტირების პროტოკოლები დადგინდა.
"დადგინდა მოთხოვნები თანამშრომელთა გარკვეული რაოდენობების და პერიოდულ ტესტირებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ყველა ტიპის სავაჭრო ობიექტი 30-ზე მეტი თანამშრომლით, მათ შორის – ბაზრობები ვალდებულები იქნებიან, 2 კვირაში ერთხელ უზრუნველყონ თანამშრომელთა არანაკლებ 20%-ის ტესტირება. კვების ობიექტებთან ეს მოთხოვნა არის 2 კვირაში ერთხელ თანამშრომელთა არანაკლებ 50 %-ის ტესტირება.
ბუნებრივია, სკოლების გახსნასთან ერთად, პარალელურად, სახელმწიფო უზრუნველყოფს მასწავლებელთა სისტემურ ტესტირებას 2 კვირაში ერთხელ", განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მისივე ცნობით, დაახლოებით, 15 თებერვლისთვის კვლავ შეფასდება არსებული შეზღუდვების შემსუბუქებიდან გამომდინარე ეპიდემიოლოგიური ვითარება.
"და თუ გვექნება სახეზე გაუმჯობესება, კერძოდ, როგორც აჭარაში, თუ 7 დღის ვირუსის მაჩვენებელი აღარ იქნება 4 %-ზე მეტი, გვექნება საშუალება, გავაგრძელოთ შემსუბუქების წერტილოვანი სტრატეგია,"- დასძინა ცქიტიშვილმა.


