საპატრიარქო: "თუ სახელმწიფო ამბობს, რომ მელაშვილმა ბრალი აღიარა, გაუგებარია მისი კადნიერება"
30/01/2021 07:48:13 საზოგადოება
საქართველოს საპატრიარქო დაკავებული კარტოგრაფების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ეხმაურება. გავრცელებულ განცხადებაში საუბარია ივერი მელაშვილის განცხადებებზეც, კერძოდ საპატრიარქო წერს, რომ "სატელევიზიო ეთერში მისი კადნიერი განცხადება, რომ „ვიღაც ბერი... კელიებთან პოზირებას დაიწყებს“, შეურაცხმყოფელია:
"ეკლესიას, რა თქმა უნდა, აინტერესებს, შეძლებს თუ არა ჩვენი სახელმწიფო მეზობელ ქვეყანასთან სასაზღვრო პრობლემის მოგვარებას, მაგრამ, ამასთანავე, ყველას გვესმის, რომ ეკლესია არ არის დაინტერესებული ადამიანის პატიმრობით და მის მიზანს არ წარმოადგენს ვინმე დასჯილ იქნეს;
მნიშვნელოვანია არა ის, თუ პიროვნულად ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა, არამედ გვაინტერესებს, მართლა ასხვისებს თუ არა ვინმე სახელწიფოს მიწებს? გვაქვს თუ არა შესაძლებლობა ამ პრობლემის მოგვარებისა?
პირველ რიგში, გვინდა გვჯეროდეს, რომ გამოძიება ისეთივე შემართებითა და მიზანდასახულობით მიმდინარეობს, როგორითაც დაიწყო და გააჩინა იმედი.
საზოგადოებას აინტერესებს: მას შემდეგ, რაც ახალი გარემოებები, კერძოდ, რუკები გაჩნდა კომისიის სამუშაო მაგიდაზე, არის თუ არა აზერბაიჯანულ მხარესთან რაიმე კონკრეტული საკითხები გავლილი ან გაანალიზებული? არის თუ არა ჩანიშნული ორმხრივი კომისიის მორიგი სხდომა?
თუ სახელმწიფო აცხადებს, რომ გამოძიება წარმატებით მიმდინარეობს და ივერი მელაშვილმა ბრალი აღიარა, გაუგებრობას იწვევს ის პათოსი, რაც ვიხილეთ მისი გათავისუფლების პირველივე წუთებიდან. კერძოდ, სატელევიზიო ეთერში მისი კადნიერი განცხადება, რომ „ვიღაც ბერი... კელიებთან პოზირებას დაიწყებს“. ეს სიტყვები შეურაცხმყოფელია იმ ადამიანებისთვის, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია ჩიჩხიტურისა და უდაბნოს კომპლექსის პრობლემა. ამასთან, ეს პათოსი ხაზს უსვამს მის პირად დამოკიდებულებას ზოგადად ეკლესიის მიმართ და მეტყველებს მის ცნობიერებაში ამ საკითხის პრობლემად აღქმაზე.
როდესაც ქვეყნის სადარაჯოზე მდგომ სასულიერო პირებს ასე მოიხსენიებს, საკითხავია, რა სასარგებლო საქმე შეასრულა თავად მან კომისიაში მუშაობისას? როგორც ფარული ჩანაწერის მოსმენისას გავიგეთ, ის ამბობს, რომ ერთი გოჯი ვერ დაათმობინეს აზერბაიჯანს იქიდან, რაც მათ მოითხოვეს... და რა ეამაყება ან რა აძლევს ივერი მელაშვილს ასეთი კადნიერების საფუძველს? რა შესძინა მან ქვეყანას? მისი საქმიანობა ხომ მარტივად დაიყვანება აზერბაიჯანის მიერ მოთხოვნილი მიწების შეუპასუხებლად გაფორმებაზე?
სახელმწიფოს ტვირთია, სიტყვა აქციოს საქმედ და დღეს ასე აგორებულ ვნებათაღელვაში საზოგადოებასა და ეკლესიას დაუმტკიცოს, რომ გაჩენილი ეჭვები გარეჯის საკითხის პარტიულ-პოლიტიკურ კომბინაციებში გამოყენების შესახებ მხოლოდ ეჭვებია და აპირებს, ეს საქმე ბოლომდე მიიყვანოს",-ნათქვამია განცხადებაში.
კარტოგრაფების საქმეზე სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა გასულ წელს დააკავეს.
პროკურატურის ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას, მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება და მათთვის გვერდის ავლით საქართველოსთვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღება.
პროკურატურის განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის 2007 წლის ჩათვლით პერიოდში შეთანხმებული საზღვრის რიგი მონაკვეთები არ შეესაბამება 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკებზე დატანილ საქართველოს საზღვრის ხაზს, სხვაობა საქართველოს საზიანოდ შეადგენს 3500-მდე ჰა ფართობს და, შესაბამისად, საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შეიქმნა.
კარტოგრაფების საქმეს არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ და საუბრობენ პოპულისტურ განცხადებებსა და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაზე მმართველი გუნდისა და სახელმწიფოს მხრიდან. მათი განცხადებით, ეს გარემოებები, რასაც წინასაარჩევნო კონტექსტიც ემატება, ბადებს ეჭვს, რომ საქმე პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციას ემსახურება.
ბრალდებას არცერთი კარტოგრაფი აღიარებს: ნატალია ილიჩოვა ამბობს, რომ 1:200 000 მასტაბის რუკა, რომლის გამოუყენებლობასაც გამოძიება კომისიის წევრებს ედავება, მხარეებს საზღვრის დადგენის შესახებ 1938 წლის შეთანხმების ნაცვლად 1929 წლის შეთანხმებასთან აბრუნებს, რაც საქართველოს ინტერესებში არ შედის. ივერი მელაშვილი კი აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარე დილეტანტურ მიდგომებს ემყარება და მათ არაფერი აქვს საერთო რეალობასთან.


