Accentnews.ge
„გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის რამდენიმე ასეულ ათას დოზას თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისისთვის მიიღებს“

„გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის რამდენიმე ასეულ ათას დოზას თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისისთვის მიიღებს“

29/01/2021 10:35:40 საზოგადოება

ევროკავშირის 7-8 ქვეყნისგან არის დაპირება, რომ თუ მიიღებენ ვაქცინის ჭარბ დოზებს, საქართველოს გაუნაწილებენ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „კოვაქსიდან“ საქართველომ წლის განმავლობაში 1.4 მილიონი დოზა ვაქცინა უნდა მიიღოს.

„ვაქცინებთან დაკავშირებით საქართველომ მუშაობა აგვისტოში დაიწყო. წელს გარანტირებული გვაქვს 1.4 მილიონი დოზა „კოვაქსიდან“, რომელიც წლის განმავლობაში უნდა მივიღოთ. მაგრამ, ჩვენი გეგმით, რომელიც მთავრობის მიერ არის დამტკიცებული, გვჭირდება 3.9 მილიონი დოზა, ანუ 2.5 არის კიდევ მოსაპოვებელი. ამასთან დაკავშირებით ძალიან ინტენსიური, ყოველწუთიერი, ყოველდღიური მუშაობა მიმდინარეობს სხვადასხვა ქვეყანასთან და მწარმოებლებთან. ევროკავშირის დაახლოებით 7-8 ქვეყნისგან არის დაპირება, რომ თუ მათ მეტი დოზა აქვთ შეკვეთილი, ვიდრე სჭირდებათ, როდესაც მიიღებენ ჭარბ დოზებს, საქართველოს გაუნაწილებენ. სამწუხაროდ, დღეს ვაქცინა გადაიქცა პოლიტიკურ იარაღად. ის არის ჯერჯერობით ძლიერი სახელმწიფოების, დიდი შვიდეულის ხელში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, არის მოლოდინი, რომ საქართველო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის რამდენიმე ასეულ ათას დოზას თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისისთვის მიიღებს.

„როგორც მე მაქვს ინფორმაცია, „ფაიზერის“ ვაქცინის დაახლოებით მილიონამდე დოზა განთავსებულია „კოვაქს“ პატფორმაზე, რომელიც სწორად უნდა მიეწოდოს და განაწილდეს 51 დაბალგანვითარებულ და საშუალოგანვითარებულ ქვეყნებზე. სერიოზული მსჯელობა მიდის და გვეცოდინება ამ დღეებში, რომელ ქვეყნებს შეარჩევენ ამ 51 ქვეყნიდან. საქართველო შედის ევროპის იმ 12 ქვეყანაში, რომელიც აკმაყოფილებს „ფაიზერის“ ვაქცინის გარკვეული, ანუ ლიმიტირებული დოზების მიღების ყველა პირობას. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება უკვე არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, „გავის ალიანსისა“ და კოვაქსის საბჭოზე, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. ეს თანაბრად განაწილდება ყველა ამ 51 ქვეყანაზე, თუ შეირჩევა რეგიონებში გარკვეული კრიტერიუმებით. დარწმუნებული ვარ, უახლოეს ხანში გვეცოდინება“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

მისი თქმით, „კოვაქსის“ პლატფორმასთან მოლაპარაკება ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

"აღიარების რეჟიმშია კიდევ რამდენიმე ვაქცინა, რომელიც თანდათან განთავსდებიან „კოვაქს“ პლატფორმაზე. ფული აქვს გადახდილი 2 მლრდ დოზა ვაქცინის და კიდევ მიმდინარეობს მოლაპარაკება დამატებით 1 მლრდ დოზა ვაქცინაზე, რომლითაც ძირითადად „კოვაქსი“ ემსახურება საშუალო და დაბალგანვითარებულ ქვეყნებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S