Accentnews.ge
უკრაინამ "აფხაზ გმირზე" ძებნა გამოაცხადა

უკრაინამ "აფხაზ გმირზე" ძებნა გამოაცხადა

29/01/2021 08:18:14 მსოფლიო

უკრაინის უშიშროების სამსახურმა დონბასელი სეპარატისტების „გმირზე“ – ახრა ავიძბაზე ძებნა გამოაცხადა. უშიშროების სამსახური ავიძბას, მეტსახელად „აფხაზს“ ტერორისტული დაჯგუფების „პიატნაშკას“ დამფუძნებლად მოიხსენიებს.

ავიძბას ბრალად ედება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რამდენიმე მძიმე დანაშაული, მათ შორის – ადამიანებისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა და სასტიკი მოპყრობა.

უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქე ახრა ავიძბამ 2014 წელს დააფუძნა და დიდხანს ხელმძღვანელობდა „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ უკანონო შეიარაღებულ ფორმირებას – „ინტერნაციონალურ ბრიგადა პიატნაშკას“ და უშუალოდ მონაწილეობდა დონეცკის ოლქის ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინის სამთავრობო ძალებთან დაპირისპირებაში, დატყვევებული უკრაინელი სამხედროების წამებასა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინებაში.

უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ავიძბა დონეცკის ოლქის დროებით უკონტროლო ტერიტორიასა და აფხაზეთის არაღიარებულ რესპუბლიკას აფარებს თავს.

ცნობისთვის: ახრა ავიძბას მინიჭებული აქვს „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის გმირის“ წოდება. ის აქტიურად მონაწილეობდა ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისში, რომელსაც 2020 წლის იანვარში მოჰყვა დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტიდან რაულ ხაჯიმბას გადადგომა.

2020 წლის ივნისში ახრა ავიძბა დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას თანაშემწედ დანიშნეს საერთაშორისო საკითხებში. მან "თანამდებობა" 9 ნოემბერს დატოვა და მიზეზად „საერთო საქმისადმი რწმენის დაკარგვა“ დაასახელა. ამავე წლის ნოემბრის დასაწყისში სოჭში მყოფმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში მოხალისეები გააცილა. თავის მხრივ აზერბაიჯანის პროკურატურამ აფხაზეთის რამდენიმე მკვიდრზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S