ბაზრობები შესაძლოა, 15 თებერვლამდე გაიხსნას
28/01/2021 16:14:11 საზოგადოება
ბაზრობების ადმინისტრაციების წარმომადგენლებთან განვიხილავთ ურთიერთმისაღებ შესაძლებლობებს და არ გამოვრიცხავთ, რომ ერთი კვირის თავზე, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების ტენდენცია სტაბილურად გაგრძელდება, მივიღოთ ბაზრობებისთვის უფრო ოპტიმისტური გადაწყვეტილება და მათი გახსნის თარიღმა, დასახელებული 15 თებერვლის ნაცვლად, გადმოიწიოს უფრო ახლოს, მაგრამ დღეს, ჯერჯერობით, ამას დარწმუნებით ვერ ვიტყვით, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომლის დროსაც მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები ღია და დახურული ბაზრობების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.
მინისტრის განცხადებით, საკითხის განხილვას ერთი კვირის შემდეგ დაუბრუნდებიან.
მისივე თქმით, მთავრობას ძალიან კარგად ესმის ბაზრობების წარმომადგენლების პრობლემები, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ეს არის ძალიან დიდი დამსაქმებელი სფერო და მომეტებული რისკებიდან გამომდინარე, წინასაახალწლო პერიოდშიც ვერ მოხერხდა მათი გახსნა.
„აქედან გამომდინარე, მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მალე დაიწყონ საქმიანობა. ყველაფერს ვითვალისწინებთ, თუმცა, პრიორიტეტი მაინც ეპიდემიის მართვაა“, – განაცხადა მინისტრმა.
მოვაჭრეები ბაზრობის გახსნით მოთხოვნით დღეს აქციას მართავდნენ. ისინი არ გამორიცხავენ, რომ მუშაობა თვითნებურად დაიწყონ.


