კომუნიკაციების კომისიამ "მთავარი არხს" დარღვევა დაუდგინა
28/01/2021 12:28:39 საზოგადოება
საქართველოს კომუნიკაციბის კომისიამ "მთავარ არხს" ფინანსთა მინისტრის ვანო მაჭავარიანის პარლამენტში გადაღებული კადრების ახლო ჩვენებისთვის დარღვევა დაუდგინა. საუბარია 12 დეკემბერს საინფორმაციო გამოშვებაში გასულ მასალაზე, რომელშიც ახლო კადრით იყო ნაჩვენები მინისტრის შარვალი.
კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, მაუწყებელს დარღვევა დაუდგინდა, თუმცა სანქცია არ დაეკისრა.
“ჩვენ არ გვაქვს მიზნად, რომ კონკრეტული მედიასაშუალებები, სადაც ეს დარღვევები ხდება დასჯის ინსტრუმენტით ვაიძულოთ აღმოფხვრას. ამას ეფუძნებოდა ჩვენი გადაწყვეტილება”, - თქვა კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა.
საკითხის შესწავლა კომისიამ საკუთარი ინიციატივით, მაყურებლის, მინისტრის ან სხვა დაინტერესებული მხარის საჩივრის საფუძველზე არ დაუწყია.
დეპარტამენტის თანამშრომელი ასე აღწერდა მასალას, რომლის შეფასებასაც ითხოვდა:
„სიუჟეტის პირველ ნაწილში ნაჩვენებია პარლამენტის დარბაზში მყოფი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ივანე მაჭავარიანი. კადრი გადატანილია ახლო ხედით მინისტრის შარვალთან, შარვლის გარედან გენიტალიებზე ფოკუსით და მკაფიოდ ჩანს, როგორ იკიდებს ხელს შარვალზე ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი. კადრს გასდევს ჟურნალისტის სიტყვები: „აგერ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მართალია სხეულის ენით, მაგრამ ძალიან გარკვევით და გასაგებად გვაჩვენა, რის გაკეთებას აპირებს მეათე მოწვევის პარლამენტი“.
"მთავარი არხის" იურისტი, თამთა მურადაშვილი ამბობს, რომ მათ ეთერში გასული მასალა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდებოდა.


