საპატრიარქო ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს ეხმიანება
27/01/2021 20:02:37 საზოგადოება
საქართველოს საპატრიარქო ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს 27 იანვრის დღის ბოლოს, ფეისბუქპოსტით ეხმაურება. განცხადებაში წერია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია პატივს მიაგებს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას და იმედოვნებს, რომ მსგავსი ბოროტება სამყაროში აღარ განმეორდება.
"ეს დღე თანაბრად მტკივნეული და მნიშვნელოვანია როგორც ებრაელი ხალხისთვის, ისე ნებისმიერი ერისა და აღმსარებლობის წარმომადგენლისათვის, მათ შორის, ჩვენთვის, ქართველებისათვის.
ჰოლოკოსტი იყო არა ერთი კონკრეტული ნაციის წინააღმდეგ მიმართული აგრესია, არამედ ეს იყო მსოფლიო ბოროტება, რომელიც ქრისტიანობისთვის ყოვლად მიუღებელია.
ამ ულმობელი ეპოქის მსხვერპლთა შორის მრავალი ქართველის სახელის გახსენება შეიძლება. მათ შორისაა თანამედროვე მართლამდიდებელი ეკლესიის გამორჩეული წმინდანი – არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე, რომელმაც ებრაელი ეროვნების ადამიანის გადასარჩენად საკუთარი სიცოცხლე გასწირა და ამ თავგანწირვით კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ მოყვასის სიყვარული კაცობრიობის უმაღლესი ზნეობრივი ღირებულებაა.
მართლმადიდებელი ეკლესია მუდამ ქადაგებს მშვიდობასა და მოყვასის სიყვარულს, ქართველი და ებრაელი ხალხი 26 საუკუნის განმავლობაში გვერდიგვერდ ცხოვრობდა, ჩვენი მეგობრობა სამაგალითო და მისაბაძია სხვადასხვა აღმსარებლობის ერებისათვის, ამ საუკუნეებგამოვლილმა ერთობამ თანაბრად გაიზიარა ერთმანეთის სიხარულიცა და ტკივილიც", - ნათქვამია განცხადებაში.


