მეუფე იაკობი – პოლიტიკურ პროცესზე: „გვაფიქრებინებენ, რომ ჩავერიოთ“
27/01/2021 11:35:55 საზოგადოება
ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა საყოველთაო შერიგებასა და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე ისაუბრა.
მან არ გამორიცხა, რომ პოლიტიკური კრიზისის გაგრძელების შემთხვევაში, პროცესებში, ეკლესიაც ჩაერთოს.
"ვფიქრობ, საქართველოს ყველა მოქალაქე უნდა შერიგდეს. თუ ასე გაგრძელდა, ვერ განვითარდებით. ჩემთვის აუტანელი და მიუღებელია პოლიტიკოსების ასეთი ქცევა. განსაკუთრებით მათი, ნათქვამი რომ არ მქონდა ჯერ, იქნებ ეკლესიაში მოხვიდეთ–მეთქი და უცბად გააკეთეს სწრაფი განცხადებები. სეკულარიზმზე რო მიმითითებენ, რა იციან, რა არის სეკულარიზმი?
ძალიან მძიმე კრიზისია ქვეყანაში. ოპოზიციის ნებაა, უნდა შევლენ პარლამენტში და უნდა - არა. მაგრამ ხომ ხვდებიან, რომ ქუჩაში იმდენი ძალა აღარ აქვთ, უბრალოდ ხალხი ვერ გამოჰყავთ.წარმოიდგინეთ, ეკლესიას რომ დასჭირდეს და დაუძახოს, ასე ცოტა ხალხი გამოვა?
იმას გვაფიქრებინებენ, რომ ისე ჩავერიოთ... ასე თუ გააგრძელეს, დაღუპავენ ქვეყანას... ცოტა კარგად გავხდები და მაგას ვნახავთ. ცალ- ცალკე ქვეყანას ვერავინ უშველის, ერთად უნდა იყოს ყველა", - განაცხადა მეუფე იაკობმა.
ამასთან მან ჟურნალისტებთან მესამე ძალის აუცილებლობაზეც ისაუბრა.
“ქვეყანას არ დავაშლევინებთ არავის , არ მივცემთ მაგის უფლებას. თუ საჭიროა, იქნება მესამე ძალა”.
ბოდბელი ეპისკოპოსი ამბობს, რომ თუ საჭირო გახდა, მესამე ძალში იქნებიან როგორც მოქმედი ხელისუფლების, ისე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც, რომლებსაც უყვართ არა სკამები, არამედ საქართველო .
“ცალ- ცალკე ვერავინ ვერ შეძლებს, მანამდე ვისაც ვუსმენდი არც პოზიცია და არც ოპოზიციას, პირადად მე როგორც ვუყურებ და რა არის იცით , საქმის ბოლო დასაწყისიშივე უნდა ეძებოო. მე ვფიქრობ, რომ ის არ იციან, მერე რა იქნება , ერთმანეთს დაეჯახნენ, თითქოს სხვა საქართველო აღარ არსებობდეს. სხვა საქართველო უფრო დიდია, უფრო ჭკვიანი და უფრო გამოცდილია.
თუ გაინტერესებთ იქნება მესამე ძალა, ბევრად ძლიერი. შეიძლება ამათგანაც იყვნენ ბევრნი, ორივე მხარეს ბევრი ძალიან კარგია, პროფესიონალები უნდა მოვიდნენ. მესამე ძალა გარედანაც შეიქმნება, ვისაც უყვარს საქართველო და სკამებზე არ ინდა იფიქრონ. ქვეყანას არ დავაშლევინებთ არავის , არ მივცემთ მაგის უფლებას “- აღნიშნა მეუფე იაკობმა.


