CNN: ჯანმო–ს ექსპერტთა ჯგუფი უხანში საგამოძიებო საქმიანობას იწყებს
27/01/2021 06:11:42 მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრები, რომლებიც უხანში რამდენიმე დღის წინ ჩავიდნენ, კარანტინს ასრულებენ და საგამოძიებო საქმიანობას იწყებენ,- იუწყება CNN.
13-კაციანი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი ორკვირიან კარანტინს 24 საათში ასრულებს. შემდეგ კი მათ უხანში მუშაობის დაწყების ნებას დართავენ. ექსპერტთა ჯგუფმა „კოვიდ-19“-ის წარმოშობისა და გავრცელების მიზეზი უნდა დაადგინოს.
„კოვიდ-19“-ის პირველი შემთხვევა სწორედ ჩინეთის ქალაქ უხანში 2019 წლის დეკემბერში დაფიქსირდა. მას შემდეგ ვირუსი მსოფლიოს მასშტაბით გავრცელდა.
მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 100 მილიონს გადააჭარბა.
„როიტერის“ ინფორმაციით, მსოფლიოში ყოველ შვიდ წამში ერთი ადამიანი „კოვიდ-19“_ით ინფიცირდება და ყოველდღიურად თითქმის 668 250 შემთხვევა ფიქსირდება.
ყველაზე რთული მდგომარეობა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ინდოეთში, ბრაზილიაში, რუსეთსა და დიდ ბრიტანეთშია.
„კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის აცრა მსოფლიოს 56 ქვეყანაშია დაწყებული.


