ირანი რუსულ ვაქცინას გამოიყენებს
26/01/2021 14:22:55 მსოფლიო
ირანმა კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“ დაამტკიცა.
როგორც მოსკოვში ვიზიტისას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მუჰამედ ჯავად ზარიფმა განაცხადა, უახლოეს მომავალში თეირანი რუსული წარმოების ვაქცინის იმპორტსა და წარმოებას გეგმავს.
ამასთან, ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ქასემ ჯანბაბაეიმ განაცხადა, რომ თეირანი კომპანია „ასტრაზენეკასგან“ ვაქცინის შეძენას განიხილავს.
მანამდე ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ განაცხადა, რომ ქვეყანაში ვაქცინაცია უახლოეს დღეებში დაიწყება.
ამასთან, ირანში დაწყებულია ადგილობრივი წარმოების სამი ვაქცინიდან ერთ-ერთის კლინიკური ცდები.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ირანში რეგისტრირებულია კორონავირუსის 1,39 მილიონი შემთხვევა. „კოვიდ-19“-ს 57 560 ადამიანი ემსხვერპლა.
ცნობისთვის: გასული წლის აგვისტოში პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პირველი რუსული კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის "სპუტნიკ V" შექმნის შესახებ განაცხადა. პრეპარატი გამალეას კვლევითმა ინსტიტუტმა შეიმუშავა. თუმცა არც ერთი სერიოზული მეცნიერი მსოფლიოში მას არ ენდობა. მკვლევარები მიუთითებენ სერიოზულ კითხვებზე ამ ვაქცინის უსაფრთხოებასა და ეფექტურობასთან დაკავშირებით. ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად რუსი გამომგონებლების მიერ ვაქცინის გამოცდის III – გადამწყვეტი მნიშვნელობის მესამე ფაზის სრულად გამოტოვება და გამოსაცდელთა მეტისმეტად მცირე რაოდენობა სახელდებოდა. პრეპარატი დაჩქარებული წესით, კლინიკური ცდების დასრულებამდე დამტკიცდა და ექიმებს, ჯარისკაცებს, მასწავლებლებსა და სოციალურ მუშაკებს უკვე გაუკეთეს. ერთ ადამიანს ვაქცინის ორ დოზას უკეთებენ. ვაქცინის პირველი ინექციიდან მეორე აცრამდე პერიოდი 21 დღეს შეადგენს.


