#სოცაფეთქება – მთავრობის წინააღმდეგ სარჩელი მზადდება
26/01/2021 12:27:15 საზოგადოება
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან 24 იანვარს დაწყებული საპროტესტო აქცია #სოცაფეთქება განახლდა.
აქციას სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობის წარმომადგენლები უერთდებიან. მათ მთავარ მოთხოვნას შეზღუდვების მოხსნა წარმოადგენს. აქციის მონაწილეთა კონკრეტული ჯგუფი სიმბოლურად გასაყიდი საქონლით და ბამბის ნაყინის აპარატით მივიდა.
„დღეს არსებულ შეზღუდვებს ვაპროტესტებ და გავაპროტესტებ ბოლომდე, სანამ ქვეყანა არ გაიხსნება. რა თქმა უნდა, ყველა წესის დაცვას ვემხრობი; ვითხოვ გამხსნან და აუცილებლად ყველა წესს დავემორჩილები. არ დავიშლებით - თუ დღეს ვართ 1 000 კაცი, ხვალ გავცდებით 20 000-30 000-სს და ჩვენს მიზანს მივაღწევთ, რადგან ყველას გვჭირდება თავისუფლება“, - აცხადებს "ქენდი ლენდის" წარმომადგენელი გიორგი ხარებაშვილი.
ბავშვთა გასართობი ცენტრ „პანდასა“ და ასევე „ქენდი ლენდის“ წამყვანი ნოდარ ჯიქია კი, ამბობს, რომ ძალიან ბევრმა მათ სექტორში სამუშაო ადგილი დაკარგა და გარდა იმისა, რომ კომპანიები მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში არიან, დასაქმებულების მდგომარეობაც კრიტიკულია.
„მოვითხოვთ, გაგვხსნან და მოგვცენ მუშაობის უფლება ყველანაიარი რეგულაციებით. არსებობს დისტანციური თამაშები და დამხმარე გუნდი, რომელიც ბავშვებს რეგულაციების დაცვაში შეუწყობს ხელს; ასე, შევძლებთ ჩვენ უსაფრთხოდ ამოქმედებას. 1 წელია, რაც გაჩერებულები ვართ და ფინანსური ზარალი ისეთია, რომ იმ კომპანიებში, სადაც ვმუშაობდი, 4 ფილიალიდან 2-ია დარჩენილი. ჩვენს სექტორს ბანკებთან სესხების გადავადებაც კი არ შეეხო, ამიტომ მძიმე მდგომარეობაა. 150-მდე თანამშრომელი მუშაობს კომპანიებში, რომელთა უკანაც ოჯახები დგანან“, - ამბობს ის.
ორგანიზაცია "დაიცავი მთის კორორტების" დამფუძნებელი და სამოქალაქო აქცია #სოცაფეთქების ერთ-ერთი ორგანიზატორი გეგა სალუქვაძე კურორტ გუდაურის დაუყოვნებლივ გახსნას მოითხოვს.
„პირველ რიგში, დაუყოვნებლივ უნდა გაიხსნას გუდაური, სანამ სრულიად გაჩანაგდა და დაინგრა. ხელისუფლება თავად არ იცავს იმ რეგულაციებს, რომელიც მოიფიქრა და ყველანაირად ამ ვითარებას თავისი კეთილდღეობისთვის იყენებს; ვგულისხმობ იმას, რომ მხოლოდ ის ბიზნესები მუშაობენ, რომლებსაც ისინი ლობირებენ და ის ბიზნესები, რომლებიც მათ საერთოდ არ აინტერესებთ და რომლებშიც ამდენი შრომაა ჩადებული, მიწასთან სწორდებიან“, - აცხადებს გეგა სალუქვაძე.
აქციის ორგანიზატორი ამბობს, რომ საპროტესტო ინიციატივამ მოსახლეობაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია და დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები და მოქალაქეები შეიკრიბნენ:
„რა დღეში არიან ადამიანები?! ვინმემ საერთოდ იზრუნა ხელოვნებასა და კულტურაზე?! ვინმემ საერთოდ მოიკითხა ეს ადამიანები?! ჩვენი გეგმაა, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეძლოს გამოსვლა. უტრანსპორტობა ძალიან გვაფერხებს და ვმუშაობთ იმაზე, რომ ის ისტორიები, რომელსაც Facebook-ზე გვწერენ მოქალაქეები, შეძლონ და აქ თავად გააჟღერონ“.
მისივე თქმით, რა სახით გაგრძელდება აქცია, ჯერ უცნობია, თუმცა ის სახელმწიფო დაწესებულებების პიკეტირებასაც არ გამორიცხავს.
„პიკეტირება - ეს არ არის პოლიტიკური აქცია; პიკეტირებაში არაკონსტიტუციური არაფერია, ყოველთვის ასეთი მანიფესტაციების დროს მომდევნო ნაბიჯებს თავად ხალხი კარნახობს მთავრობას, რა უნდა გააკეთონ. ეს ადამიანები ითხოვენ, რომ პიკეტირების ფორმას მიმართონ, რაც სრულიად კონსტიტუციურ ჩარჩოებში ჯდება. თუ დაკვეთა პიკეტირებაზეა - იქნება პიკეტირება, თუ სხვა გზით უნდა წავიდეთ - წავალთ სხვა გზით“, - ამბობს გეგა სალუქვაძე.
აქციაზე იმყოფებიან პოლიტიკოსებიც.
"ვითხოვთ ყველა შეზღუდვის მოხსნას. დღეს ამ აქციისგან რამე განსაკუთრებული მოლოდინი არ მაქვს, არ მჯერა, რომ ამ აქციის გამო ხელისუფლება უკან დაიხევს, მგონია, რომ აქციები უნდა იყოს ბევრად მრავალრიცხოვანი, ბევრად მეტი ადამიანი უნდა გამოვიდეს, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს მას ეფექტი. რასაც ვუყურებ, ჯერჯერობით არ არის ხალხის ის რაოდენობა, რის გამოც შეიძლება, ხელისუფლებამ უკან დაიხიოს“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
გაირკვა, რომ „თავისუფლების ინსტიტუტის“ იურისტები კანცელარიასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებთან ერთად საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებენ.
„საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები არაკანონიერია. ის ზღუდავს როგორც მეწარმეობის თავისუფლებას, ისე საკუთრების უფლებას და ამას გავაპროტესტებთ. სხვა ადგილი არც დაგვრჩენია მისასვლელად. პარლამენტმა ამ ამბავში ნებისმიერი სახით ჩარევაზე უარი თქვა. ერთადერთი, სადაც შეგვიძლია დავიცვათ საკუთარი თავი, საკონსტიტუციო სასამართლოა და ამას გავაკეთებთ. მთავრობა შეზღუდვის გადაწყვეტილებებს იღებს მაშინ, როცა მოუნდება, არანაირი საკანონმდებლო კონტროლი მასზე არ ხორციელდება; შესაბამისად, გვგონია, რომ ეს უკანონობა და ჩვენი უფლებების დარღვევაა“, - ამბობს სალომე ხვადაგიანი.
პარალელურად, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის ეკონომიკურ გუნდის, ეპიდემიოლოგების და შეზღუდული ეკონომიკური საქმიანობების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს. სამართალდამცავებს კანცელარიის შენობასთან ე.წ. ჯაჭვი აქვთ გაკეთებული.


