ბაიდენმა ტრამპის მიერ შემოღებული კიდევ ერთი აკრძალვა გააუქმა
26/01/2021 10:42:42 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გააუქმა აკრძალვა შეიარაღებულ ძალებში ტრანსგენდერების სამსახურზე, რაც მისმა წინამორბედმა – დონალდ ტრამპმა შემოიღო. თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ გენდერული იდენტობა არ უნდა იყოს სამხედრო სამსახურისთვის ხელის შემშლელი ფაქტორი.
„ყველა კვალიფიცირებულ ამერიკელს მიეცეს უფლება, ემსახუროს საკუთარ ქვეყანას - ეს შეიარაღებული ძალების უფრო მეტი ეფექტიანობისთვის ხელის შეწყობას ნიშნავს“, ნათქვამია თეთრი სახლის პრესრელიზში.
2016 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ტრანსგენდერებს მისცა უფლება, იმსახურონ ჯარში საკუთარი გენდერული იდენტობის დაუფარავად, ასევე მიიღონ სამედიცინო დახმარება ტრანსგენდერული ტრანსფორმაციის განსახორციელებლად.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეაჩერა შეიარაღებული ძალების რიგებში ტრანსგენდერთა მიღება. სამსახურის გაგრძელება შეეძლოთ მხოლოდ იმათ, ვინც პრეზიდენტის მიერ ბრძანებულების ხელმოწერის მომენტისთვის უკვე იმყოფებოდა არმიის რიგებში.


