„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ თანამშრომლები ოთხი მოთხოვნით გაიფიცნენ
26/01/2021 08:53:32 საზოგადოება
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ავტოსატრანსპორტო დეპარტამენტის კონტრაქტორი თანამშრომლები გაიფიცნენ. მათ ოთხი ძირითადი მოთხოვნები აქვთ:
ხელშეკრულების არსის შეცვლა, რომელიც აქციის მონაწილეთა განმარტებით, კომპანიის სასარგებლოდ არის შედგენილი;
შვებულება;
დაზღვევა;
ხელფასების ტარიფის გადახედვას.
„არც პირობა წაგვიყენებია, არც წინადადებით მოდიან, რას გვთავაზობენ თვითონ. მშვიდობიანად ვართ აქ და ვიქნებით, როგორც გაგრძელდება“, – განაცხადა კომპანიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ვლადიმერ კასანოვმა.
აქციას განცხადებით პასუხობს კომპანია და აღნიშნავს, რომ გაფიცულები არ არიან შტატიანი თანამშრომლები და ისინი კომპანიამ გარკვეული ვადით, კონკრეტული მოცულობის სამუშაოს შესასრულებლად დაიქირავა.
ამასთან „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ აცხადებენ, რომ აღნიშნული ადამიანები თუ განაგრძობენ კონტრაქტის პირობების დარღვევას, კომპანია მათთან აღარ ითანამშრომლებს.
„პირველ რიგში, ეს ადამიანები არ არიან კომპანიის შტატიანი თანამშრომლები. ისინი კომპანიას კონტრაქტით ჰყავს დაქირავებული გარკვეული ვადით და კონკრეტული მოცულობის სამუშაოს შესასრულებლად. მათი სამუშაო პირობები განსაზღვრულია სწორედ ამ კონტრაქტით, რომლის პირობებსაც ახლა ისინი არღვევენ თავიანთი ქმედებებით. კერძოდ, ისინი არათუ თვითონ არ ასრულებენ თავიანთ სამუშაოს, თანაც ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, არამედ სხვებსაც ხელს უშლიან სამუშაოს შესრულებაში, რითაც აფერხებენ კომპანიის მიმდინარე საქმიანობას და საფრთხეს უქმნიან დედაქალაქის წყალმომარაგებას.
თუ ისინი გააგრძელებენ სამუშაოებისთვის ხელის შეშლას, რაც მათთან არსებული კონტრაქტის უხეში დარღვევაა, კომპანია აღარ გააგრძელებს მათთან თანამშრომლობას“, – აცხადებენ კომპანიაში.


