Accentnews.ge
სინდრომი, რომელიც ბავშვებში COVID-19–ის გადატანის შემდეგ ვლინდება და რომლის პიკს საქართველოში იანვარში ელოდებიან

სინდრომი, რომელიც ბავშვებში COVID-19–ის გადატანის შემდეგ ვლინდება და რომლის პიკს საქართველოში იანვარში ელოდებიან

20/01/2021 09:41:04 საზოგადოება

თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ მულტისისტემურ ანთებით სინდრომზე ისაუბრა, რომელიც, კორონავირუსის გართულებად ითვლება და შეიძლება, გამოვლინდეს დაავადების მიმდინარეობის მწვავე პერიოდშიც, თუმცა შემთხვევათა აბსოლუტურ უმრავლესობაში კორონავირუსის გადატანიდან 2-6 კვირის შემდეგ ვლინდება.

„ეს სინდრომი, განსხვავებით კორონავირუსისგან, მსუბუქად მიმდინარეობს: არ ხასიათდება გართულებებით, ლეტალობის მაღალი მაჩვენებლით და განსხვავებით კორონავირუსისგან, ყოველთვის საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას შემთხვევათა აბსოლუტურ უმრავლესობაში – ბავშვების მართვა უნდა მოხდეს მულტიპროფილურ სტაციონარში: ბავშვების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში მონაწილეობას უნდა იღებდეს არამხოლოდ პედიატრი, არამედ ნევროლოგი – რადგან ის აზიანებს ნერვულ სისტემასაც; ნეფროლოგი – რადგან შესაძლოა, საშარდე სისტემა დაუზიანდეს; ინფექციურ დაავადებათა სპეციალისტი, კარდიოლოგი, პულმონოლოგი და ა.შ. ანუ ეს არის მულტისისტემური, რაც ავტომატურად გულისხმობს ამ ბავშვების მართვის ერთადერთ შესაძლებელ ადგილად მრავალპროფილურ პედიატრიულ სტაციონარს“,– ამბობს ჩხაიძე და დასძენს, რომ იაშვილის კლინიკაში ბოლო ორი დღის განმავლობაში აღნიშნული სინდრომით 7 ბავშვი მოთავსდა, მათგან 2 რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს.

ირკვევა, რომ საქართველოში პირველი შემთხვევა იაშვილის კლინიკაში 2 ნოემბერს დაფიქსირდა.

ექიმი ამბობს, რომ სინდრომის განვითარების მექანიზმი საბოლოოდ დადგენილი არ არის, თუმცა ითვლება, რომ ეს არის გამოწვეული ვირუსის ზემოქმედების შედეგად იმუნური სისტემის პასუხით, რომელიც ვლინდება კორონავირუსის გადატანიდან რამდენიმე კვირის შემდეგ.

„ამ სინდრომის განვითარება და სიხშირე ქვეყანაში უკავშირდება კორონავირუსის შემთხვევების მაჩვენებელს. ჩვენთან კორონავირუსის მაჩვენებლის პიკი სწორედ ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში იყო, შესაბამისად, ამ პიკის გამო, იანვრის პირველი და ბოლო კვირები იქნება სწორედ ამ სინდრომით ჰოსპიტალიზებული და გამოვლენილი ბავშვების რაოდენობა, ანუ კორონავირუსის პიკს ქვეყანაში ერთი თვის შემდეგ მოჰყვება ამ სინდრომის მატების პიკი“,– ამბობს ექიმი.

მისი თქმით, ვირუსის მართვის პროტოკოლი შემუშავებულია და დღეს ჯანდაცვის სამინისტროს წარედგინება:

„პროტოკოლის შექმნაში მონაწილეობდა რამდენიმე კლინიკა, კონკრეტულად ის კლინიკები, რომლებიც მართავენ პოსტკორონავირუსულ გართულებას. ეს მართლაც სერიოზული პრობლემაა და არ არის ეს პედიატრიული საავადმყოფოებისთვის, ეს მხოლოდ მულტიპროფილური პედიატრიული საავადმყოფოების სამართავია, ვინაიდან სინდრომი კომპლექსურია და აუცილებელია სხვადასხვა სპეციალისტის მონაწილეობა. გუშინ შემოსული 7 პაციენტიდან 2 მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში. ასაკი ძალიან მნიშვნელოვანია და საშუალო ასაკია 6-დან 11-წლამდე, ჩვენთან ყველაზე უფროსი პაციენტი 14 წლის არის, ყველაზე მცირე ასაკის 1 წლის. ლეტალური შემთხვევა საქართველოში არ დაფიქსირებულა, მაგრამ არის ასეთი ჩანაწერი, რომ ყველა გარდაცვალების შემთხვევა კორონავირუსით უნდა იყოს განხილული, როგორც მულტიორგანული ანთებითი სინდრომის შედეგი”.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S