მღვდელი ილია კარკაძე ვაქცინის საწინააღმდეგო კონსპირაციას ავრცელებს
17/01/2021 13:36:23 საზოგადოება
ქუთაისის ეპარქიაში მოღვაწე მღვდელი ილია კარკაძე, ანტისემიტური ქადაგების შემდეგ, ტაძრის ამბიონიდან ვაქცინების საწინააღმდეგო კონსპირაციას ავრცელებს.
16 იანვრის ქადაგებაში დეკანოზი კარკაძე ამტკიცებს, რომ ტელეეთერებსა და ინტერნეტში რეკლამას უკეთებენ „ჩიპებს“.
„ნეოტექნოლოგიებით ხარობენ და ეს არის მიღწევები. არ ესმით მათ არც სამოთხე და არც ჯოჯოხეთი [...]. კი, ჩიპი ჩიპია, 90-იან წლებში გამოგონილი, დიდი სახისაა, მაგრამ ეს პატარა ნეოტექნოლოგიები ისეთია, რომ კარგი დაკვირვება და სპეციალური ის უნდა, რომ დაინახო, რაა შიგნით ჩადებული. და აცრების შედეგად თუ შეიძლება ეს შემოგვეპაროსო? არ არისო გამორიცხულიო“,- მიმართავს მრევლს სასულიერო პირი.
დეკანოზი კარკაძე ამტკიცებს, რომ სამედიცინო დარგის მეშვეობით ცდილობს, „ერთგვარი აგიტაცია-პროპაგანდა გაწიოს ბოროტმა სულმა და ადამიანები მოტყუებული დატოვოს“.
ცნობისთვის: ილია კარკაძე ყურადღების ქვეშ მოექცა რამდენიმე კვირის წინ, ანტისემიტური ქადაგების გამო. ეპარქიის ხელმძღვანელმა მას „ანტისემიტური პათოსით“ გამსჭვალული ქადაგების გამო შენიშვნა მისცა.


