სამხრეთ ამერიკის ქვეყნები რუსულ ვაქცინას მიიღებენ
17/01/2021 12:23:06 მსოფლიო
სამხრეთ ამერიკის რიგი ქვეყნები რუსეთის მიერ წარმოებულ Sputnik V ვაქცინას იღებს იმუნიზაციის პროგრამებისთვის. არგენტინამ ამ პრეპარატის მეორე პარტია 16 იანვარს მიიღო, რომლითაც იქ დეკემბერში დაწყებულ კამპანიას გააგრძელებენ და ჯანდაცვის სფეროს მუშაკებს მეორე ინექციას გაუკეთებენ.
მიმდინარე კვირაში პარაგვაი გახდა რუსეთს გარეთ მერვე ქვეყანა, რომელმაც Sputnik V ვაქცინის გამოყენებაზე ნებართვა გასცა. სხვა ქვეყნებს შორის, რომლებმაც ამ პრეპარატის სასწრაფო წესით გამოყენება დაუშვეს, არიან ბოლივია, ვენესუელა, ალჟირი და სერბეთი.
Sputnik V-ის ბრაზილიაში გამოყენების გეგმას 16 იანვარს სირთულე შეხვდა, რადგან ქვეყნის ჯანდაცვის მარეგულირებელმა ორგანომ უარყო ფარმაცევტული კომპანიის მიერ შეტანილი დოკუმენტები, რომლითაც ამ პრეპარატის 10 მილიონი დოზის გამოყენება უნდა დაშვებულიყო. უწყების განცხადებით, კომპანიის მიმართვის დოკუმენტაციაში არ იყო ადეკვატურად ასახული პრეპარატის გამოცდის მესამე ფაზის შედეგი და, ამასთან, არსებობდა გარკვეული კითხვები პრეპარატის წარმოებასთან დაკავშირებით.
თავად რუსეთმა მასობრივი ვაქცინაციის დაწყების განკარგულება გასცა 13 იანვარს გასცა.
ცნობისთვის: გასული წლის აგვისტოში პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პირველი რუსული კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის "სპუტნიკ V" შექმნის შესახებ განაცხადა. პრეპარატი გამალეას კვლევითმა ინსტიტუტმა შეიმუშავა. თუმცა არც ერთი სერიოზული მეცნიერი მსოფლიოში მას არ ენდობა. მკვლევარები მიუთითებენ სერიოზულ კითხვებზე ამ ვაქცინის უსაფრთხოებასა და ეფექტურობასთან დაკავშირებით. ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად რუსი გამომგონებლების მიერ ვაქცინის გამოცდის III – გადამწყვეტი მნიშვნელობის მესამე ფაზის სრულად გამოტოვება და გამოსაცდელთა მეტისმეტად მცირე რაოდენობა სახელდებოდა. პრეპარატი დაჩქარებული წესით, კლინიკური ცდების დასრულებამდე დამტკიცდა და ექიმებს, ჯარისკაცებს, მასწავლებლებსა და სოციალურ მუშაკებს უკვე გაუკეთეს. თუმცა ფართომასშტაბიანი ვაქცინაცია მოსახლეობაში უახლოეს დღეებში დაიწყება. ერთ ადამიანს ვაქცინის ორ დოზას უკეთებენ. ვაქცინის პირველი ინექციიდან მეორე აცრამდე პერიოდი 21 დღეს შეადგენს.


