"მოსახლეობას დეტალური ინფორმაცია მიეწოდება მოსალოდნელი გვერდითი რეაქციების შესახებ"
15/01/2021 12:37:36 საზოგადოება
საქართველოში ვაქცინაციის გეგმა, რომელიც ამ ეტაპზე იურიდიულად მუშავდება, უსაფრთხოების საკითხსაც ითვალისწინებს. კერძოდ, ითვალისწინებს გვერდითი რეაქციების მონიტორინგს.
„აუცილებელია ვაქცინის შემდგომი გვერდითი რეაქციების აქტიური მონიტორინგი იმისთვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას ვაქცინაციის პროგრამის უსაფრთხოება. ამასთან დაკავშირებით ქვეყანაში უკვე არსებობს დიდი გამოცდილება: გასულ წელს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა განაახლა გვერდითი რეაქციების მონიტორინგის გაიდლაინი, რაც დეტალურად განსაზღვრავს, რა როგორ ხდება. წელს კოვიდთან მიმართებაში დამატებითი რეკომენდაციები გამოიცა. გვქონდა კომუნიკაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცენტრალურ ოფისთან. მათგან მივიღეთ დახმარების შემოთავაზება, რაც უკავშირდება უახლესი ფორმების დანერგვისთვის მასწავლებლების ტრეინინგს და ექსპერტების უშუალო ჩართულობას“განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ გაბუნიამ.
მისი თქმით, ყველა გვერდითი რეაქცია გაანალიზდება და შეფასდება, მოსახლეობას კი დეტალური ინფორმაცია მიეწოდება უკუჩვენებების, მოსალოდნელი გვედითი რეაქციების შესახებ.
ამასთან, მისი თქმით, სამედიცინო პერსონალი, რომელიც ვაქცინაციის პროცესში იქნება ჩართული, დეტალურ ტრეინინგს გაივლიან მოსალოდნელი გვერდითი რეაქციების მართვაში.


