
მეარაყიშვილი რუსეთს სტრასბურგში უჩივის
04/07/2019 11:36:14 კონფლიქტები, სხვა, პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა, სამართალი
ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში ჩივილს გეგმავს. მისი აზრით, ეს ერთადერთი საშუალებაა, ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებაზე ზეგავლენა მოახდინოს. თამარის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა უკვე მეორე წელია, გრძელდება. მთელი ამ დროის განმავლობაში იგი ფაქტობრივად გაუსვლელობის პირობით ცხოვრობს.
2017 წლის აგვისტოში ახალგორის ოკუპირებული რაიონის დე ფაქტო პროკურატურამ თამარ მეარაყიშვილის მიმართ სისხლის სამართლის ერთდროულად სამი საქმე აღძრა: 324-ე - “ოფიციალური დოკუმენტის უკანონო შეძენის” მუხლით (იგულისხმება ოსური პასპორტი, რომელიც, გამოძიების აზრით, თამარმა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების პირობებში შეიძინა), 327-ე მუხლის მე-3 ნაწილით - “წინასწარი შეცნობით ყალბი საბუთის (იგულისხმება იგივე პასპორტი) გამოყენება” და 128-ე - “ცილისწამების” მუხლით. სამოქალაქო აქტივისტი ოკუპირებული რეგიონის მმართველი პარტია “ერთიანი ოსეთის” მიმართ ცილისწამებაში დაადანაშაულეს.
2018 წლის 4 სექტემბერს ახალგორის დე ფაქტო რაიონულმა სასამართლომ ეს საქმეები შეუმდგარად სცნო იმ დონემდე, რომ მათი სასამართლოში განხილვა შეუძლებელია. კერძოდ, მოსამართლე ფატიმა პარასტაევამ გამოძიების მასალებში დანაშაულის ვერც ნიშნები აღმოაჩინა, ვერც ადგილი და დრო. დე ფაქტო რაიონულ პროკურატურას ვერდიქტი არ გაუსაჩივრებია, თუმცა არც მეარაყიშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივ დევნაზე თქვა უარი და ნოემბერში აღძრა საქმე რუსეთის ფედერაციის სს კოდექსის 324-ე მუხლით – დე-იურე საქმე სასამართლოში გადაიგზავნა. მას შემდეგ და დღემდე ამ საქმის განხილვა არ დაწყებულა.
«პროკურატურის წარმომადგენლების არგამოცხადების გამო უკვე 6 სასამართლო სხდომა ჩაიშალა. მხოლოდ ერთხელ, მარტის დასაწყისში რაიონის ახალი პროკურორი ალან კულუმბეკოვი მოვიდა და მოსამართლისგან დრო ითხოვა საქმის მასალების გასაცნობად. სასამართლოში რამდენჯერმე მითხრეს, “უწყება შეცდომით გამოგიგზავნეთო”. ასევე “შეცდომით” დაურეკეს ჩემს ადვოკატს ვლადიკავკაზში. ერთხელ კი იყო შემთხვევა, როცა სამხრეთ ოსეთის პროკურორს მოსკოვიდან სტუმრები ჩამოუვიდნენ და ჩვენი რაიონის პროკურორი “აუცილებლად უნდა დასწრებოდა ღონისძიებებს”. თუმცა როცა ქუჩაში გავედი, შევეჩეხე და რომ დამინახა, გაწითლდა” - ყვება თამარი.
სასამართლოს რიგით მე-7 სხდომა დღეისთვისაა დაგეგმილი.
“ახლა მოვითხოვ პროკურატურისგან ცნობას იმის შესახებ, რომ ეს გაცდენები საპატიო იყო” - ამბობს მეარაყიშვილი.
საქმეში ჩახედულ ცხინვალელებს არაერთხელ უთქვამთ თამარისთვის, “საქმე იმიტომ ჭიანურდება, რომ არ იციან, რა უყონო”. პრობლემა იმაშია, რომ შესაბამისი დე ფაქტო ორგანოები ამ საქმიდან სარეპუტაციო ზიანის გარეშე ვერ გამოძვრებიან. ამის შესაძლებლობა ჯერ კიდევ ჰქონდათ, როცა მოსამართლე პარასტაევამ ზემოაღნიშნული ვერდიქტი გამოიტანა და დე ფაქტო პროკურატურას საქმის დახურვა შეეძლო, თუმცა გამომძიებლებმა და დე ფაქტო პროკურორის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ღურწიევმა გადაწყვიტეს, ბოლომდე წასულიყვნენ.
მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ თუ მეარაყიშვილის ბრალეულობა ვერ დადასტურდება, მას უფლება აქვს, მოითხოვოს სასამართლო ხარჯების, მორალური ზიანის, ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანისა და სხვა კომპენსაციები. მაშინ ვინმეს, მაგალითად ღურწიევს ბიუჯეტიდან ყველა ამ ხარჯის გაღებაზე პასუხისმგებლობის აღება მოუწევს. 2017 წელს ხომ სწორედ მისი ინიციატივით ჩატარდა მეარაყიშვილის ბინაში ჩხრეკა და როგორც არაოფიციალურ საუბრებში ღურწიევის თანამშრომლები ყვებიან, მაშინ მან დაარწმუნა უფროსობა, “თუ ორდერს მომცემთ, საქართველოს სასარგებლოდ მეარაყიშვილის ჯაშუშობის დამადასტურებელ მტკიცებულებებს ვიპოვიო”.
ჩხრეკის დროის ამოიღეს ყველა გაჯეტი, ტუჩსაცხი, თამარის ქალიშვილის ბავშვობის სურათები, ქვაბები და საქსოვი ძაფები. გამოძიებას არც მაშინ, არც ახლა წარუდგენია სასამართლოსთვის განსახილველად თუნდაც მეტ-ნაკლებად აზრიანი მასალები. როგორც თამარი ამბობს, გამომძიებლები ახალგაზრდა, უზრუნველი ადამიანები არიან ბევრი თავისუფალი დროით და შეუძლიათ, ასე კიდევ დიდხანს გაერთონ.
მათგან განსხვავებით, მისთვის ეს ისტორია გაცილებით მძიმეა, იგი მუდმივი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იმყოფება: შეზღუდული აქვს გადადგილების თავისუფლება, თითქმის ორი წელია, პრაქტიკულად გაუსვლელობის პირობით ცხოვრობს, ვერ გადის ოკუპირებული რეგიონიდან ექიმებთან, ნათესავებთან...
თამარი ამბობს, რომ სტრასბურგისთვის მიმართვის გარდა, სხვა გამოსავალს ვერ ხედავს და ამჟამად სარჩელს ამზადებს რუსეთის სახელმწიფოს, როგორც ცხინვალის რეგიონზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებლის წინააღმდეგ:
«ეს სარჩელი რესპუბლიკის ყველა მოქალაქის ინტერესებშია. ვფიქრობ, ყველა დამეთანხმება, რომ ჩვენთან ხშირია, როცა ხელისუფლების წარმომადგენლები ზეწოლას ახდენენ მოქალაქეებზე პირადი ან პოლიტიკური მოტივებით: სამსახურიდან ათავისუფლებენ, სოცქსელებში პირად გვერდებს აუქმებინებენ, ანგარიშსწორებით ემუქრებიან. მინდა, სამხრეთ ოსეთში მმართველი ძალის მიმართ ცილისწამების ბრალდებით ჩემი დევნისგან სასამართლო პრეცედენტი შევქმნა. ბიუროკრატიამ უნდა შეიგნოს: ჩვენ გვაქვს ხელისუფლების კრტიკის, საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება, მათ კი ამისათვის ხელის შეშლის არანაირი უფლება არ აქვთ. მთავარია, არ ვარღვევდეთ სხვათა უფლებებს და ვიცავდეთ კანონს».
მეარაყიშვილი გეგმავს, რუსეთის წინააღმდეგ სარჩელში მის მიმართ გადაადგილების თავისუფლების, აზრის გამოხატვის, პირადი ხელშეუხებლობისა და საკუთრების უფლებების დარღვევის საკითხები დააყენოს.
ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერინოლოგიას, რომელიც ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში გამოიყენება