ნავალნი ამბობს, რომ რუსეთში 17 იანვარს დაბრუნდება
13/01/2021 09:03:19 მსოფლიო
რუსი ოპოზიციონერი ალექსანდრე ნავალნი აცხადებს, რომ მოსკოვში 17 იანვარს დაბრუნდება.
ნავალნი ამბობს, რომ გასამგზავრებლად ბილეთი დღეს შეიძინა.
„პრაქტიკულად, ჯანმრთელი ვარ და ბოლოს და ბოლოს შინ დაბრუნება შემიძლია. საკითხი, „დავბრუნდე თუ არა სახლში“ ჩემთვის არასდროს მდგარა, რადგან მე არც გავმგზავრებულვარ. გერმანიაში აღმოვჩნდი იმ მიზეზით, რომ ჩემი მოკვლა სურდათ! მე გადავრჩი და ახლა ჩემი მოწამლვის ბრძანების გამცემი პუტინი უბრძანებს თავის მსახურებს, გააკეთონ ყველაფერი, რომ არ დავბრუნდე. მაგრამ რას აკეთებენ ისინი, არ მაინტერესებს: რუსეთი ჩემი ქვეყანაა!“,– განაცხადა ნავალნიმ.
ცნობისთვის: რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა სასამართლოს ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნისთვის პირობითი სასჯელის რეალური განაჩენით შეცვლის მოთხოვნით მიმართა.
ნავალნის პირობითი სასჯელი და გამოსაცდელი ვადა „ივ როშეს“ საქმესთან დაკავშირებით ჰქონდა შეფარდებული.
როგორც თავად ნავალნიმ აღნიშნა, საქმესთან დაკავშირებული მისი გამოსაცდელი ვადა 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა. მანამდე სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ნავალნის პირობითი სასჯელის რეალური განაჩენით შეცვლით ემუქრებოდა, რადგან „ის სასამართლოს მხირდან დაკისრებულ ვალდებულებებს არ ასრულებდა“.
ნავალნის ადვოკატის თქმით, მან ცნობა იმის შესახებ მიიღო, რომ ოპოზიციონერმა „ივ როშეს“ საქმეზე გამოსაცდელი ვადა ვერ შეასრულა. ნავალნის პრესმდივნის თქმით, სასჯელაღსრულების სამსახურმა ნავალნის გამოჩენა 29 დეკემბერს მოითხოვა.
მოსკოვის სასამართლომ 2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა კომპანია „ივ როშეს“ სახსრების მიტაცებაში დამნაშავედ ცნო. ალექსეი ნავალნის 3,5-წლიანი პირობითი სასჯელი და 5-წლიანი გამოსაცდელი ვადა მიუსაჯეს, მის ძმას კი 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთა. ძმებმა ნავალნებმა დანაშაული უარყვეს და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდეს.


