რა შედეგები აჩვენა ტაქსის მძოლების, მოვაჭრეების და სასულიერო პირების ტესტირებამ
13/01/2021 08:26:53 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის ინფორმაციით, ბოლო თვეების განმავლობაში პირველად, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 10%–იდან 8%–მდე ჩამოვიდა, რაც მისი შეფასებით, საიმედო მაჩვენებელია.
მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, როდესაც ყოველდღიურად ავადობის მაჩვენებელი 1600–ია, სიფრთხილეა საჭირო, რომ აღნიშნული მაჩვენებელი კვლავ 5 000–იანს არ დაუბრუნდეს.
ამასთან, მან მიზნობრივ ჯგუფებში ჩატარებული კორონავირუსის ტესტირების შედეგები გააცნო. კერძოდ, იმნაძის ცნობით, 6 000 გადასცდა იმ ტაქსის მძღოლების რაოდენობა, რომლებსაც კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდათ და ინფიცირების შემთხვევა 0,7%–ში დადასტურდა.
ამასთან, ტესტირება ჩაუტარდა ბაზრის 4 000–ზე მოვაჭრეს. ამ შემთხვევაშიც 1%–ზე ნაკლებია დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა.
რაც შეეხება სხვადასხვა კონფესიევის სასულიერო პირებს, ტესტირება 2 000–მდე პირს ჩაუტარდა და დაახლოებით 1%–ს შეადგენს დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა.


