RNA ვაქცინებმა არამარტო Covid–19, არამედ შესაძლოა, სხვა დაავადებებიც, მათ შორის სიმსივნე დაამარცხონ
10/01/2021 10:20:32 მსოფლიო
Pfizer-BioNTech–ისა და Moderna–ს მიერ შექმნილი კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინები RNA ტექნოლოგიას ეფუძნება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ იგივე ტექნოლოგიით შექმნილმა RNA ვაქცინებმა არამარტო Covid–19, არამედ შესაძლოა, სხვა დაავადებებიც, მათ შორის სიმსივნე დაამარცხონ.
სხეულის მხრიდან იმუნური პასუხის მისაღებად ტრადიცული ვაქცინების შესაქმნელად იყენებენ ინფექციის გამომწვევების (პათოგენების) შტამებს - დახოცილს ან დასუსტებულს.
რაც შეეხება RNA ვაქცინებს, მათ სინთეტიკურად ამზადებენ. ეს გულისხმობს იმას, რომ ისინი ადამიანის ორგანიზმს “ასწავლიან”, როგორ შექმნან პროტეინი ან მისი მცირე ნაწილი, რომელიც ორგანიზმში იმუნურ რეაქციას გამოიწვევს. სწორედ ეს იმუნური რეაქცია წარმოქმნის ანტისხეულებს, რომლებიც დაინფიცირების შემთხვევაში ვირუსის უჯრედებს ებრძვიან, ვაქცინით შეტანილი RNA-ს მოლეკულა ინექციიდან ერთი დღის შემდეგ უჯრედში დეგრადირდება და ნადგურდება.
აშშ–ის ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი (CDC) აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ RNA ტიპის ვაქცინები კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ახალია, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი გამოკვლევული არ არის, სწორედ წლების განმავლობაში კვლევის შედეგად, მომავალში შესაძლებელი იქნება RNA ვაქცინის საშუალებით ორგანიზმში ერთდროულად წარმოიქმნას დაცვა იმ სხვადასხვა ვირუსის წინააღმდეგ, რომლებისგან პრევენციაც ვაქცინაციით შესაძლებელია.
1970-იანი წლებიდან მოყოლებული მკვლევარები აცხადებენ, რომ RNA მეთოდის გამოყენება შესაძლებელია, ყველა ტიპის დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში. თუმცა ისევე, როგორც სხვა სფეროში მეცნიერებაშიც, უზარმაზარი თანხები, დრო და მოთმინებაა საჭირო ყველა პრობლემის მოსაგვარებლად. 1990-იან წლებში RNA მეთოდის გამოყენების ეფექტურობაზე ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა. მთავარი დაბრკოლება იყო ის ფაქტი, რომ RNA–ს მოლეკულის შეყვანა ცხოველებში უმეტეს შემთხვევაში ანთებას იწვევდა, რომელიც ფატალური შედეგით სრულდებოდა.
RNA–ს შესწავლაში მსოფლიო მასშტაბით ყველაზე დიდი წვლილი უნგრელმა მეცნიერმა კატალინ კარიკომ შეიტანა. 2000–იან წლებში მან და მისმა კოლეგამ შეძლეს RNA–ს ერთ–ერთი კომპონენტის შეცვლით RNA–ს მოლეკულის ცხოველებში შეყვანისას ფატალური შედეგების თავიდან აცილება. იმჟამად ცდაში მონაწილე ყველა თაგვი გადარჩა.
მოგვიანებით კარიკოს მიღწევას გაეცნო სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერი დერიკ როსი, რომელმაც შემდგომში Moderna დააარსა. ამასთან, უნგრელი მეცნიერის მიღწევით დაინტერესდნენ კომპანია BioNTech–ის დამფუძნებლები, პროფესიით ონკოლოგები უგურ შაჰინი და ოზლემ ტიურეჩი. ონკოლოგმა ცოლ–ქმარმა კატალინ კარიკო თავის კომპანიაში მიიწვიეს და იგი დღემდე BioNTech–ში მოღვაწეობს. თავდაპირველად, მეცნიერები ყველაზე მეტ ყურადღებას სიმსივნისგან განკურნების საკითხს უთმობდნენ.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სიმსივნის წინააღმდეგ მკურნალობის სადღეისოდ არსებული მეთოდები შესაძლოა, ერთ მშვენიერ დღეს ძალიან პრიმიტიულად მოგვეჩვენოს. შაჰინი და ტურეჩი მიიჩნევენ, რომ სიმსივნის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა, თითოეული ტიპის სიმსივნის გენეტიკურად უნიკალური, კონკრეტული პაციენტის იმუნური სისტემის მომზადების გზით მკურნალობა.
თუ გადავავლებთ თვალს Moderna–სა და BioNTech–ის საქმიანობას, მათ შორის გამორჩეული ადგილი უჭირავს ძუძუს, პროსტატის, კანის, პანკრეასის, თავის ტვინის, ფილტვის და სხვა ქსოვილების კიბოს სამკურნალო წამლების კვლევებს ისევე, როგორც ვაქცინების შემუშავებას გრიპის ვაქცინებიდან დაწყებული, "ზიკა"–სა და ცოფის ვაქცინებით დამთავრებული. დასკვნა ნათელია: კარგი პერსპექტივები ჩანს.
თუ ადრე RNA–ს ტექნოლოგიაში მსხვილი კაპიტალის ჩადებისგან თავს იკავებდნენ, იყო მოლოდინი რომ რეგულატორის ნებართვას წლები დასჭირდებოდა, სადღეისოდ Covid-19 ამ პროცესს დააჩქარებს. პანდემიამ RNA ვაქცინების გრანდიოზულ დებიუტს შეუწყო ხელი. უკვე ისმის მოწოდებები, რომ კარიკო "ნობელის პრემიაზე" წარადგინონ. ამიერიდან, RNA– ს ინვესტორების, მარეგულირებლისა და პოლიტიკოსებისგან ფულის ან სათანადო ყურადღების მოპოვებაში პრობლემები არ ექნება.
ცნობისთვის: სიმსივნით მსოფლიოში ყოველწლიურად 10 მილიონი ადამიანი იღუპება.
რაც შეეხება Covid–19–ს, მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 90 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 90 086 549 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 1 934 939 ადამიანი იმსხვერპლა. 64 469 156 დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.
რაც შეეხება საქართველოს, უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 239 229 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 225 335 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 773 გარდაიცვალა.
მომზადებულიაBloomberg-ს მიხედვით


